ახალი ამბები
ქუთაისში ჯაჭვის ხიდზე ამორტიზებული ლამპიონების აღდგენას ითხოვენ (ფოტო)
FaceBook
ქუთაისში, ჯაჭვის ხიდზე დამონტაჟებული ლამპიონები მწყობრიდანაა გამოსული.
მათ დაზიანებას ხიდის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობა არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფ მოქალაქეებს უკავშირებენ. ისინი ადგილზე სათვალთვალო კამერების დამონტაჟებას და ამ პირების გამოვლენას ითხოვენ.

"ვინც ამას აკეთებს, საკუთარი ქალაქი არ უყვარს, ამიტომ უნდა იყოს კამერები, რომლებიც ამ ფაქტებს დააფიქსირებენ და ისინიც შესაბამისად დასაჯონ. ლამპიონების ნახევარი მოგლეჯილია, რაც არის იმაზე ნათურები გადამწვარია. აღადგინონ, სირცხვილია ასეთ მდგომარეობაში იყოს ისტორიული ხიდი," – ამბობენ ადგილობრივები.

ვანდალურ ფაქტებზე საუბრობენ ქუთაისის მერიაში. ადგილობრივ თვითმმართველობაში განმარტავენ, რომ ნათურებს სპეციალურად ამტვრევენ. მერიაში კონკრეტულ თარიღს ვერ ასახელებენ, თუმცა ამბობენ, რომ ლამპიონების დამონტაჟება უახლოეს მომავალში მოხდება.

ქუთაისის ისტორიული ჯაჭის ხიდს რეაბილიტაცია წითელ და თეთრ ხიდთან ერთად 2011 წელს ჩაუტარდა.

სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული შპს "ალზუ" და შპს "იბერია 21" აწარმოებდა. ქუთაისში წითელი, თეთრი და ჯაჭვის ხიდების რეაბილიტაციის ღირებულება 240 000 ლარს შეადგენდა და ის ქალაქის ბიუჯეტიდან დაფინანსდა.



ამორტიზებული ლამპიონი ჯაჭვის ხიდზე
Print