ახალი ამბები
ქუთაისში ტაქსის ტარიფი ძვირდება
FaceBook
1 იანვრის შემდეგ ქუთაისში კერძო ტაქსებმა მგზავრობის ღირებულება გააძვირეს, ხოლო კომპანიები ტარიფის ზრდას აანონსებენ.

ქალაქში არსებული კერძო ტაქსის მფლობელები მგზავრობის საფასურის მატებას საწვავზე ფასების ზრდით ხსნიან.

"თუ არ მოვუმატებდით ფასს, წაგებაზე მოგვიწევდა შრომა," - ამბობენ კერძო ტაქსის მძღოლები "ქუთაისიპოსტთან" საუბარში.

"საშუალოდ ერთი ლარით მეტს ვახდევინებთ მგზავრს, თუმცა გააჩნია რა მანძილზე გადამყავს ისინი," - ამბობენ კერძო ტაქსის მფლობელები.

ამ ეტაპზე ტარიფი ქუთაისში მოქმედ არც ერთ ტაქსის კომპანიას გაუძვირებია, თუმცა მათი წარმომადგენლები ღირებულების მატებას არ გამორიცხავენ.

კომპანია "მაქსიმში" ამბობენ, რომ ამ დრომდე არსებული ფასებით მუშაობენ.

"სავარაუდოდ, რამდენიმე დღეში დაზუსტდება ტარიფის ღირებულება," - აცხადებენ "მაქსიმის" ქუთაისის ოფისში.

ტარიფზე ზრდას აპირებენ ტაქსის სხვა კომპანიებშიც.

"ჯერჯერობით, არაფერი შეცვლილა, მაგრამ მალე, ალბათ, ახალი ტარიფის დაწესება დაგვჭირდება, რადგან საწვავის ფასი ძვირდება," - ამბობენ ქუთაისში ერთ–ერთ ტაქსის კომპანიაში.

არსებული ფასებით მუშაობენ "600" - ის წარმომადგენლები, სადაც ტარიფის ზრდა არ დაუგეგმავთ.

"თუ მძღოლები იტყვიან, რომ ძველი ტარიფებით ვეღარ იმუშავებენ, მაშინ გადავხედავთ ფასებს," - ამბობენ კომპანიაში.

ამ დროისთვის ქუთაისში ტაქსის კომპანიების მომსახურება 1 კილომეტრზე 70 თეთრს შეადგენს.





Print