ახალი ამბები
მეწყრის ჩამოწოლის შედეგად სოფელ შორაპანთან ჩაკეტილი გზა ნაწილობრივ აღდგენილია
FaceBook
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ შორაპანთან, მიმდინარე წლის 7 იანვარს, მთელი ღამის განმავლობაში ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალული იყო.

ტრანსპორტის გადაადგილება თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 188-ე კილომეტრზე დიდი მოცულობის მთის მასივის ჩამოწოლის მიზეზით შეიზღუდა.

შემთხვევა 6 იანვარს, დაახლოებით 21:00–დან 22:00 საათამდე შუალედში მოხდა.

ტერიტორიაზე ღამის განმავლობაში მობილიზებული იყო საავტომობილო გზების დეპარტამენტის სპეციალური ტექნიკა და საპატრულო პოლიცია, ხოლო ავტოტრანსპორტის მოძრაობა გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზით ხორციელდებოდა.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, გაწმენდითი სამუშაოები ღამის საათებიდან ამ დრომდე მიმდინარეობს, ადგილზე კი 6 ერთეული ტექნიკაა მობილიზებული.

"გზა ნაწილობრივ გაწმენდილია, თუმცა არის საშიშროება, რომ მიწა–კლდოვანი მასის ნარჩენები ჩამოვარდეს, ამიტომ მანქანების ნაკადს ეტაპობრივად ვატარებთ," – აცხადებს ქუთაისიპოსტთან საუბარში საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმადგენელი, გიორგი დოღონაძე.

მისივე ინფორმაციით, გზის ამ მიმართულებით მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა კვლავ აკრძალულია.

სოფელ შორაპანთან დიდი მოცულობის მიწა-კლდოვანი მასის ჩამოსვლის მიზეზებს გეოლოგები შეისწავლიან.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.


Print