ახალი ამბები
ქუთაისის ოპერის თეატრში თანამშრომელთა შემცირება არ იგეგმება
FaceBook
ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრში თანამშრომელთა შემცირება არ იგეგმება.

თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის, ირინა ლომინაძის თქმით, სამსახურს 280–ივე თანამშრომელი შეინარჩუნებს.

"ჩვენთან არ იქნება შემცირება, ჩემთვის არც არავის დაუვალებია ეს. ისედაც მცირე დაფინანსება გვაქვს და არც ჩვენი ბიუჯეტის შემცირება შეიძლება, ეს თეატრის დახურვას ნიშნავს",–აცხადებს ირინა ლოსაბერიძე.

მისვე თქმით, იმის მიუხედავად, რომ მიმდინარე წლიდან სახელმწიფო თეატრების და მათ შორის ოპერის თეატრის სრული დაფინანსება ცენტრალურ ბიუჯეტზე გადავიდა, ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობა მათ კვლავ დაეხმარება.

"პროგრამული ღონისძიებები იქნება, როცა კონცერტი და პრემიერა მექნება ან ვინმეს ჩამოყვანა დამჭირდება, ნაწილობრივ დაგვეხმარება მერია. ისედაც სულ გვეხმარებოდა და არც ახლა უთქვამთ უარი",–აცხადებს ირინა ლომინაძე.

ოპერის თეატრის მიმდინარე წლის ბიუჯეტი კულტურის სამინისტრომ უცვლელი დატოვა და ის 2017 წელსაც 950 000 ლარით დაფინანსდა, რამაც, სამხატვრო ხელმძღვანელის თქმით, თეატრს თანამშრომელთა შენარჩუნების შესაძლებლობა მისცა.

თანამშრომელთა შემცირება უკვე დაანონსებულია მერიის ააიპ ბოტანიკურ ბაღში. ბაღის დირექტორი, თემურ ჩეჩელაშვილი ამბობს, რომ მოსალოდნელი შემცირების შესახებ ყველა თანამშრომელი წერილობით არის გაფრთხილებული.

Print