ახალი ამბები
ჭიათურის მაღაროში დაშავებულ მუშას ოპერაცია ესაჭიროება
FaceBook
ჭიათურაში, სოფელ პერევისას მაღაროში მომხდარი აფეთქების შედეგად  ორი დაშავებული მუშიდან ერთ–ერთი ოპერაციულ ჩარევას საჭიროებს.

ნუგზარ შეყილაძე ზესტაფონის კლინიკაში  სისხლჩაქცევითა და მუხლის დაზიანებით მიიყვანეს.

როგორც კლინიკა "ფერომედში" აცხადებენ, მისი  ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბლურია, თუმცა, მუხლზე ოპერაცია ესაჭიროება.

რაც შეეხება მეორე დაშავებულს, იგი უკვე გაწერეს სახლში.  

დაზარალებულები მომხდარს გაუთვალისწინებელ შემთხვევითობას უკავშირებენ და აცხადებენ, რომ მაღაროში უსაფრთხოების ნორმები დაცული იყო.

"ვერ გეტყვით რა მოხდა. მივეცი  დავალება თანამშრომელს, რომ უნდა აეფეთქებია  # 2 სანგრევი. აფეთქებამდე თავზე ვადექი და ვუყურებდი. თავიდან მარტივად მოუკიდა და ააფეთქა რამდენიმე. მერე გაუჭირდა მოკიდება და მოხდა აფეთქება. პირველი ტალღა მე დამეჯახა.  თავად ფეთქვითი სამუშაოების მწარმოებელი კი შედარებით ნაკლებად დაზიანდა, რადგან  ის მეორე მხარეს იდგა",–ამბობს ნუგზარ შეყილაძე.

შპს "ჯორჯიან მანგანეზის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, ზაქარია ზალიკაშვილი ამბობს, რომ თანამშრომლებმა მსუბუქი დაზიანებები მიიღეს.

"ერთი უკვე შეუდგა მუშაობას, მეორეს კი მყესი აქვს დაზიანებული. როგორც სხვა შემთხვევაში, საწარმო მათ ხარჯებსაც  დააფინანსებს",–აცახდებს ზაქარია ზალიკაშვილი. 

ჭიათურის მაღაროში აფეთქების დროს ორი მაღაროელი 4 იანვარს დაშავდა.


Print