ახალი ამბები
გამოწვევები და ხარვეზები – 2016 წლის ქუთაისის ინფრასტრუქტურული პროექტები
FaceBook
ქუთაისის მერიამ 2016 წელს 32 მილიონი ლარის ღირებულების 132 ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება დააანონსა.

ქალაქის ვიცე–მერი, კოტე ქავთარაძე თვლის, რომ ადგილობრივმა ხელისუფლებამ ამ გამოწვევას, მცირე შეფერხებების მიუხედავად, მაქსიმალურად უპასუხა. საკრებულოს ოპოზიცია და უმრავლესობის ნაწილი კი მიიჩნევს, რომ 2016 წელი ქუთაისისთვის ინფრასტრუქტურულად მძიმე წელი იყო.

"ძალიან მძიმე და რთული ინფრასტრუქტურული წელი იყო. ბევრი პროექტი მიმდინარეობდა ცუდი ტემპით. თითქმის ყველა ქუჩა ხარვეზით გაკეთდა. ჩემი აზრით, უფრო მეტად შეიძლებოდა მოსახლეობის მოთხოვნების გათვალისწინება",–აცხადებს ქუთაისის საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატი, ზაზა ლომინაძე.

ლომინაძე წარმატებულ პროექტებსაც იხსენებს, თუმცა, ძირითადად მის სამაჟორიტარო ოლქში.

"მაგალითად, რეაბილიტაცია ჩაუტარდა ვაჟა–ფშაველას ძეგლს, მოწესრიგდა მისასვლელი კიბეები. რამდენიმე ისეთ ქუჩაზე დაიგო გზა, სადაც არასდროს არ არსებობდა გზის საფარი. თუმცა, ისეთი დიდი პროექტები, როგორიცაა აღმაშენებლის, გამსახურდიასა და ასათიანის ქუჩების რეაბილიტაცია, შეიძლებოდა უკეთესად გაკეთებულიყო",–მიიჩნევს დეპუტატი.

მიმდინარე წლის შეჯამების ფონზე, სკეპტიკურადაა განწყობილი 2017 წელს დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების მიმართ საკრებულოს ოპოზიცია. ნინო ბურჯანაძის პარტიის წარმომადგენელი, დავით წიტაიშვილი ამბობს, რომ ხელისუფლებამ ამ მიმართულებით მიმდინარე წელს ელემენტარული პრობლემები ვერ გადაჭრა.

"ელემენტარული რომ ვთქვათ – გზები. ძალიან ბევრი ქუჩაა, რომელიც უნდა გაკეთებულიყო წელს და ვერ გაკეთდა, ვერ ჩამოვთვლი ახლა ყველას, თუმცა, ცხადია, რომ ვერ შეასრულა ხელისუფლებამ წლის გეგმა და ვერ უპასუხა მთავარ ინფრასტრუქტურულ გამოწვევებს. შესაბამისად, მე სკეპტიკურად ვუყურებ იმ პროექტებსაც, რაც 2017 წლის პრიორიტეტადაა გამოცხადებული. ჩვენი ხელისუფლება დაპირებას უფრო მეტს იძლევა, ვიდრე ამის შესრულების თავი აქვს,–აცხადებს დავით წიტაიშვილი.

ქალაქის ხელისუფლების ერთ–ერთი მთავარი დაპირება ქუთაისში 24 საათიანი წყალმომარაგებაა. "გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის" 86 მილიონიანი პროექტი, ქუთაისის მერიის მიერ მომზადებულ 37 წამიან ვიდეორგოლშიც მოხვდა, რომლის რეკლამირებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 80 000 ლარი დაიხარჯა.

საკრებულოს დეპუტატათა ნაწილი მიიჩნევს, რომ ადგილობრივი ხელისუფლების სისუტე, სწორედ, ამ პროექტის განხორციელების დროს გამოვლინდა.

"საჭირო იყო მეტი ტემპი წყალგაყვანილობის სისტემის რეაბილიტაციის დროს. უფრო მეტი ინიციატივა რომ გამოეჩინა ხელისუფლებას, ქალაქის ქუჩები ასეთ მდგომარეობაში არ იქნებოდა",–აცხადებს საკრებულოში "პატრიოტთა ალიანსის" წარმომადგენელი, დავით ჯანაშია.

ის ქალაქის ხელისუფლებას სამუშაოების შესრულებასთან ერთად, ინფრასტრუქტურულ პრობლემებზე რეაგირების ტემპსაც უწუნებს. 

"დიდი ხანია # 29–ე საბავშვო ბაღი გასაკეთებელია, მინიმუმ წელს მაინც უნდა დაწყებულიყო სარეაბილიტაციო სამუშაოები, თუმცა, ახლაც იგივე მდგომარეობაშია",–აცხადებს ჯანაშია.

საკრებულოს "ლეიბორისტ" დეპუტატს, სამსონ გუგავას კი  მიმდინარე წელს ქალაქში მხოლოდ  ერთი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი ახსენდება. მისი თქმით, ასათიანის ქუჩაზე წყლის სისტემის მოწესრიგება წლის ყველაზე მნიშვნელოვანი და ამავდროულად,  პრობლემური საკითხი იყო.

"ასათიანის გარდა სხვა დიდი პროექტი არც დაუწყიათ და ვერც ეს დაასრულეს. არც კი ჩანს საერთოდ თუ გაკეთდა რამე. ისედაც, ლოკალურად წესრიგდება ქუჩები და ჩვენ ვერ გავდივართ ფართემასშტაბიან პროექტებზე",–აცხადებს სამსონ გუგავა.

ქუთაისის ვიცე–მერი, კოტე ქავთარაძე ამბობს, რომ ქალაქმა ყველა პროექტი, რაც დაიწყო ბოლომდე მიიყვანა, მცირე შეფერხებები კი მხოლოდ იმ ნაწილში იყო, სადაც ქუთაისის მერია უშუალოდ არ არის სამუშაოების განმახორციელებელი.

"მაქსიმალურად ვუპასუხეთ ინფრასტრუქტურულ გამოწვევებს. ყველაზე მოცულობითი სამუშაოები წელს მიმდინარეობდა ქალაქში და თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მომავალ წელს უფრო მეტი დაფინანსება უნდა მივიღოთ, 2017 წელს კიდევ უფრო მეტი სამუშაოები იქნება.

რაც შეეხება ასათიანის ქუჩას, ეს ეხება წყალმომარაგების კომპანიის კონტრაქტორ ფირმას, რომლის მიწოდების ვადები გაიწელა, მაგრამ, როგორც კი დასრულდება იქ წყლის სისტემის რეაბილიტაცია, გზის საფარიც დაიგება",–აცხადებს კოტე ქავთარაძე.

თუმცა, ერთ–ერთი ბოლო ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება და რომლის შესრულების ვადაც, პირვანდელი ხელშეკრულებით მიმდინარე წლის ნოემბერის ბოლოს ამოიწურა, ჯერ ისევ არ დასრულებულა. ფალიაშვილის ქუჩაზე ფასადების რეაბილიტაციისთვის განკუთვნილი დრო, ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას "გი–ან 2011", ქუთაისის მერიამ 2017 წლის მარტამდე გაუხანგრძლივა. მიზეზად კი ზამთრის სეზონზე სამუშაოებისთვის შეუფერებელი კლიმატური პირობები დასახელდა.

წლის დასაწყისში დაანონსდა, თუმცა, ამ დრომდე არ განხორციელებულა ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკის რეაბილიტაცია. შენობაში არც გამაგრებითი სამუშაოები ჩატარებულა, რომლის აუცილებლობაც სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნამ დაადასტურა.

ბიბლიოთეკის რეაბილიტაციისთვის საჭირო თანხა, 1 821 790 ათასი ლარი, ქუთაისის მერიამ მსოფლიო განვითარების ბანკისკან სესხის სახით აიღო, რომელშიც ასევე შედიოდა ნიკეას ქუჩის რეაბილიტაციის 7 მილიონიანი პროექტი და ქუთაისის ტურისტულ–საინფორმაციო ცენტრის მშენებლობა. საჯარო ბიბლიოთეკისგან განსხვავებით, ბოლო ორი პროექტი უკვე დასრულებულია.

ასევე, დამთავრდა ორი საბავშვო ბაღის, რამდენიმე მინი სპორტული მოედნის მშენებლობა და სიჩქარის შემზღუდველი კუნძულების მოწყობა.

დასასრულს უახლოვდება ნიკეას ქუჩაზე  სოციალური საცხოვრისისთვის განკუთვნილი შენობის რეაბილიტაცია. პირველ ეტაპზე ადგილობრივი თვითმმართველობა 48 ოჯახს დააკმაყოფილებს ბინით, რამდენიმე ათეული ოჯახისთვის კი მერიამ, შესაძლოა, საცხოვრებელი ფართები იმავე შენობაში დაიქირაოს.  

ადგილობრივი თვითმმართველობა, მიმდინარე წელს ერთ–ერთ მთავარ მიღწევად, ქალაქის სტრატეგიული განვითარების გეგმის შემუშავებს მიიჩნევს, რაც ძირითადად ინფრასტრუქტურულ პროექტებზეა გათვლილი. "ქუთაისი 2021" გულისხმობს როგორც ადგილობრივი, ასევე ცენტრალური ბიუჯეტიდან დაფინანსებულ და დასაფინანსებელ პროექტებს, თუმცა, ის დროსა და თანხაში გაწერილ არც ერთ კონკრეტულ ინფრასტრუქტურულ პროექტს არ მოიცავს.

ქუთაისის მერიის ეკონომიკის სამსახურის უფროსი, პაატა კლდიაშვილი ამბობს, რომ ამის აუცილებლობა არ არსებობს და ყველა პროექტი, რაც ქალაქში 2017 წლიდან განხორციელდება, ამ გეგმის ნაწილი იქნება.

მომავალი წლისთვისაა დაანონსებული ლითოფონის ქარხანასთან ოლიმპიური სტანდარტების საცურაო აუზის მშენებლობა, რომლის სავარაუდო ღირებულებაც 5 მილიონი ლარია.

ასევე, სამომავლო პროექტებში შედის ქუთაისში საკონცერტო დარბაზისა და პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ფილიალის გახსნა.

რაც შეეხება მსხვილ პროექტებს, რომლებსაც ადგილობრივი ბიუჯეტი არ ან ნაწილობრივ აფინანსებს, ყველაზე გახმაურებული პროექტები ჯერ არ დაწყებულა. მათ შორის არის მუხნარის ტყის მიმდებარე ტერიტორიაზე 60 000 სტუდენტზე გათვლილი, 1 მილიარდ ევროდ შეფასებული საუნივერსიტეტო ქალაქი, რომელმაც სტუდენტთა პირველი ნაკადი 2019 წელს უნდა მიიღოს.

გადავადდა ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერისტეტის ეზოში ბიბლიოთეკის მშენებლობისთვის გამოცხადებული ტენდერი. შესაბამისად, არც ამ პროექტის განხორციელებისთვის საჭირო სამუშაოებია დაწყებული. ქუთაისის მერიამ უნივერსიტეტის მშენებლობაში თანამონაწილეობისთვის 200 000 ლარი უკვე გაითვალისწინა.

ინფრასტრუქტურა იქნება მთვარი პრიორიტეტი 2017 წელსაც. მომავალი წლის ბიუჯეტში ამ მიზნით 10 მილიონ ლარზე მეტია გაწერილი. პარალელურად, ქუთაისის მერია ქალაქში ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად, რეგიონალური განვითარების ფონდისგან 38 მილიონიან დაფინანსებას ელოდება.

Print