ახალი ამბები
ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობა რგფ–დან თანხას 2017 წლის დასაწყისში ელოდება
FaceBook
ქუთაისის მერია რეგიონალური განვითარების ფონდიდან 38 მილიონი ლარის მიღებას მომავალი წლის დასაწყისში ელოდება. ქუთაისის ვიცე–მერი, კოტე ქავთარაძე იმედოვნებს, რომ მოთხოვნილ თანხას ფონდი სრულად გადმორიცხავს.

"გვინდა, რომ რაც მოვითხოვეთ სრულად მოგცენ , თუმცა, როგორ განაწილდება თანხები, ამას იანვარში ვნახავთ. მომავალი წლის დასაწყისში მიიღებს მთავრობა ამ გადაწყვეტილებას",–აცხადებს კოტე ქავთარაძე.

ქუთაისის ადგილობრივმა თვითმმართველობამ, რეგიონალური განვითარების ფონდს 38 მილიონიანი მოთხოვნა, რომლის ფარგლებშიც, ქალაქში 90–მდე ინფრასტრუქტურული პროექტი მომავალი წლიდან უნდა განხორციელდეს, მიმდინარე წლის 8 ნოემბერს გაუგზავნა.

რგფ–მ ქუთაისის მერიას მოთხოვნილი თანხის სრულად დაფინანსებაზე უარი ერთხელ უკვე უთხრა.  2016 წლის დასაწყისში, მთავრობის 2016 წლის 4 თებერვლის (№175) განკარგულების მიხედვით,  ფონდმა ადგილობრივ თვითმმართველობას 22 მილიონიანი  პროექტებიდან მხოლოდ 10 926 138 ლარი გადაურიცხა, თუმცა, ქალაქის ვიცე–მერი, კოტე ქავთარაძე აცხადებდა, რომ ამ გზით მიღებულმა თანხამ  ჯამში  13 მილიონი ლარი შეადგენა.



Print