ახალი ამბები
ქუთაისის მერია სახელმწიფო ბიუჯეტს 600 000 ლარს უკან დაუბრუნებს
FaceBook
ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობა, მიმდინარე წელს რეგიონალური განვითარების ფონდიდან მიღებული თანხის ნაწილს უკან დააბრუნებს.


ქალაქის ვიცე–მერის, კოტე ქავთარაძის თქმით, ეს ის თანხაა, რომლის დაზოგვაც ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის გამოცხადებული ტენდერებისა და კომპანიების მიერ კონკრეტული სამუშაოების შესრულების დროს მოხდა.

მისივე თქმით, ამ მიმართულებით დაზოგილი 600 000 ლარი, კანონის შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტს უკან დაუბრუნდება.

" მოხდა რეგიონალური განვითარების ფონდიდან თანხების დაზუსტება, რაც გულისხმობს იმას, რომ ტენდერებისა და სამუშაოების დროს გაკეთებული ეკონომიის ხარჯზე, შემცირდა თანხები, რაც კვლავ სახელმწიფო ბიუჯეტს დაუბრუნდება", – განაცხადა კოტე ქავთარაძემ.

რეგიონალური განვითარების ფონდის მიერ გამოყოფილი თანხიდან ეკონომიის გაკეთებას არ ეთანხმება ქუთაისის საკრებულოს დეპუტატი, ნატო ქათამაძე.

მისი თქმით, როცა ქალაქში ინფრასტრუქტურა მოუწესრიგებელია, არ შეიძლება ადგილობრივ ხელისუფლებას თანხა რჩებოდეს.

"ერთი გაწვიმებაც საკმარისია, რომ მოსახლეობას პრობლემები შეექმნას ქუჩებში გადაადგილების დროს. არც ერთი პროექტი მათ ბოლომდე არ მიიყვანეს, იქ კი, სადაც სამუშაოები შესრულდა, უხარისხო და თავიდან გასაკეთებელია. ამ ფონზე მერია, თურმე, ეკონომიას აკეთებს ინფრასტრუქტურის ნაწილში. ეს ერთადერთ რამეზე მიუთითებს, ისინი არასწორად გეგმავენ და თვლიან თანხებს",–აცხადებს ყოფილი "რესპუბლიკელი" დეპუტატი, ნატო ქათამაძე.

ცენტრალური ბიუჯეტისთვის 600 000 ლარის დაბრუნება, 2016 წლის ქუთაისის ადგილობრივ ბიუჯეტში შეტანილი ბოლო, მერვე ცვლილებაა.


Print