ახალი ამბები
"ჩვენ ვართ სვანეთი" - გამოფენა-პროტესტი ქუთაისში
FaceBook
"ჩვენ ვართ სვანეთი" - ამ სახელწოდების გამოფენა გაიმართა ქუთაისში ჩაის სახლ "ფოე-ფოეში". ფოტოები ესპანელ ფოტოგრაფს როზა ვრუმს ეკუთვნის.

მან ზემო სვანეთის რეგიონის, ნაკრასა და ჭუბერის თემების მცხოვრებთა ყოფა და ბუნებრივი გარემო ასახა ფოტოებზე.

გამოფენის ორგანიზატორი "მწვანე ალტერნატივა" და "საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ასოციაცია" გახლდათ. ორგანიზაციების წარმომადგენელთა თქმით, სწორედ ნაკრასა და ჭუბერის ტერიტორიაზე იგეგმება 135 მეტრის სიმაღლის ნენსკრა ჰესის (280 მგვტ) პროექტის განხორციელება, რომელიც საფრთხეს უქმნის ამ თემების არსებობას.

"გამოფენის მიზანია წარმოადგინოს ადგილობრივი სვანი მოსახლეობის ყოფისა და გარემოს მდგომარეობა. ენერგეტიკის სამინისტროს აქ აქვს დაგეგმილი დიდი და მცირე ზომის ჰოდროელექტროსადგურების მშენებლობა. ზემო სვანეთში დაგეგმილია 35 ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა. ერთ-ერთი მათგანი, რომელიც უშუალოდ ამ ფოტოებზე წარმოდგენილ გარემოს საფრთხეს უქმნის, 280 მგვტ სიმძლავრის ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურია. ჩვენ გვინდა სახელმწიფოს წარმომადგენლებმა დაინახონ, რომ ამ პროექტის უკან ადამიანები და ბიომრავალფეროვნებით მდიდარი გარემო დგას, რომელთაც საფრთხე ემუქრება",- აღნიშნა ასოციია "მწვანე ალტერნატივას" წარმომადგენელმა, დავით ჭიპაშვილმა.

გამოფენაზე ნაჩვენები იყო მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი, რომელშიც ასახული იყო პროექტის მიმართ ადგილობრივთა დამოკიდებულება. ფილმის ჩვენების შემდეგ გაიმართა დისკუსია, ნენსკრა ჰესისა და რეგიონში დაგეგმილი 433 მგვტ სიმძლავრის ნამახვანი ჰესის მიზანშეწონილობის თაობაზე.

აღნიშნული გამოფენა წარმოდგენილი იყო ესპანეთში, ჩეხეთში, ესტონეთში. მისი მოწყობა იგეგმება ბულგარეთშიც.

Print