ახალი ამბები
საპენსიო თანხების თაღლითურად მითვისების ფაქტზე სოციალური მომსახურების სააგენტო განცხადებას ავრცელებს
FaceBook
საპენსიო თანხების თაღლითური გზით დაუფლების ფაქტზე სოციალური მომსახურების სააგენტო განცხადებას ავრცელებს.
უწყების ცნობით, ფინანსთა სამინისტრს საგამოძიებო სამსახური თანხების მითვისებაზე სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ მიწოდებული მასალების მიწოდების შემდეგ დაინტერესდა.

"მას შემდეგ რაც, სოციალური მომსახურების სააგენტოსა და "ლიბერთი ბანკში" გაჩნდა საფუძვლიანი ეჭვი, რომ იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრში ადგილი ჰქონდა ფინანსურ დარღვევებს კონკრეტული პირების მხრიდან, სოციალური მომსახურების სააგენტოს კონტროლის დეპარტამენტმა შეისწავლა მასალები და ახსნა-განმარტება ჩამოართვა საქმესთან დაკავშირებულ რამდენიმე პირს. მოპოვებული ინფორმაცია შესაბამისი რეაგირებისთვის გადაეცა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს," – აღნიშნულია სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ყალბი მინდობილობების გამოყენებით დიდი ოდენობით საპენსიო თანხების თაღლითური გზით დაუფლების ფაქტზე, "სოციალური მომსახურების სააგენტოს" იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის სპეციალისტები მიმდინარე წლის 26 დეკემბერს დააკავა.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დაადგინა, რომ ბრალდებულებმა, იმ პენსიონერების სახელით, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში იმყოფებოდნენ საზღვარგარეთ ან იყვნენ გარდაცვლილები, თუმცა "სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს" ბაზაში ფიქსირდებოდნენ აქტიურად და შეჩერებული ჰქონდათ პენსიის ჩარიცხვა, შეავსეს განაცხადები პენსიის აღდგენის თაობაზე, რაც მათ მიერვე დაკმაყოფილებული იქნა. შემდგომ, "ლიბერთი ბანკში" წარადგინეს ყალბი მინდობილობები და მინდობილ პირებზე დამზადებული იქნა პენსიონერის ანგარიშზე მიბმული დამატებითი ბარათები.

"ამ გზით ბრალდებულების და მათთან დაკავშირებული 8 პირის სახელზე გაცემული იქნა 29 პენსიონერის დამატებითი საპენსიო ბარათი, რომლის მეშვეობითაც დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები საერთო ჯამში თაღლითურად დაეუფლნენ სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილ 115 985,5 ლარს. საგამოძიებო სამსახურმა დანაშაულში მხილებული პირები მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავა. დამატებით მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები აღნიშნული დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილე პირთა გამოვლენა-დადგენის მიზნით," - აღნიშნულია საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საქმეზე გამოძიება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის "ა" და "ბ" ქვეპუნქტებით და 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით გრძელდება, რაც სასჯელის სახით ექვსიდან ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს..



Print