ახალი ამბები
საპენსიო თანხების თაღლითურად მითვისებისთვის იმერეთის სოციალური მომსახურების ცენტრის თანამშრომლები დააკავეს
FaceBook
საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით საპენსიო თანხების თაღლითური გზით დაუფლების ფაქტზე 2 ქალბატონი დააკავა.

დაკავებულები "სოციალური მომსახურების სააგენტოს" იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის სპეციალისტები არიან.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან ერთობლივად გატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დაადგინა, რომ ბრალდებულებმა, იმ პენსიონერების სახელით, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში იმყოფებოდნენ საზღვარგარეთ ან იყვნენ გარდაცვლილები, თუმცა "სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს" ბაზაში ფიქსირდებოდნენ აქტიურად და შეჩერებული ჰქონდათ პენსიის ჩარიცხვა, შეავსეს განაცხადები პენსიის აღდგენის თაობაზე, რაც მათ მიერვე დაკმაყოფილებული იქნა. შემდგომ, "ლიბერთი ბანკში" წარადგინეს ყალბი მინდობილობები და მინდობილ პირებზე დამზადებული იქნა პენსიონერის ანგარიშზე მიბმული დამატებითი ბარათები.

"ამ გზით ბრალდებულების და მათთან დაკავშირებული 8 პირის სახელზე გაცემული იქნა 29 პენსიონერის დამატებითი საპენსიო ბარათი, რომლის მეშვეობითაც დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები საერთო ჯამში თაღლითურად დაეუფლნენ სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილ 115 985,5 ლარს. საგამოძიებო სამსახურმა დანაშაულში მხილებული პირები მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავა. დამატებით მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები აღნიშნული დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილე პირთა გამოვლენა-დადგენის მიზნით," - აღნიშნულია საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საქმეზე გამოძიება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის "ა" და "ბ" ქვეპუნქტებით და 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით გრძელდება, რაც სასჯელის სახით ექვსიდან ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.



Print