ახალი ამბები
ფინანსური პრობლემები "ტორპედოში" და კლუბს მიღმა დარჩენილი ფეხბურთელები
FaceBook
ქუთაისის საფეხბურთო კლუბი "ტორპედო"  ბოლო ერთი თვის განმავლობაში 11-მა ფეხბურთელმა დატოვა.

"ცოტა ხნის წინ "ტორპედო" სამმა ფეხბურთელმა დატოვა - იურგენ კოლინმა,გუგა ფალავანდიშვილმა და ოთარ კვერნაძემ. გუნდიდან წასულთა რიცხვს კიდევ რვა მოთამაშე დაემატა. ურთიერთშეთანხმების საფუძველზე კლუბთან შრომითი ხელშეკრულება აღარ გაუგრძელდათ მეკარე მამუკა ქვილითაიას, მცველ გიორგი ნერგაძეს, ნახევარმცველებს: ალექსი ბენაშვილს, ვანო წილოსანს, ავთო ენდელაძეს,ზაურ გოგუაძეს, ცოტნე მესხს და  თავდამსხმელ ვახტანგ კვარაცხელიას. ს.კ. "ტორპედო" ყველა მათგანს მადლობას უხდის გაწეული სამსახურისთვის და კარიერაში წარმატებებს უსურვებს", - ნათქვამია  "ტორპედოს" ოფიციალურ  ვებგვერდზე.

ქუთაისპოსტის ინფორმაციით, კი ფეხბურთელები კლუბის ადმინისტრაციამ  ფინანსების სიმცირის გამო  გაუშვა. 

კლუბის მთავარი  მწვრთნელი,   კახა ჩხეტიანი ქუთაისიპოსტთან საუბარში  "ტორპედოში" ფინანსური პრობლემების არსებობას ადასტურებს, თუმცა ამბობს, რომ ფეხბურთელებმა  კლუბი ურთიერთშეთანხმების შედეგად დატოვეს. 

"ეს  მოხდა  ბიუჯეტიდან  გამომდინარე. ზოგიერთს იმიტომ დავემშვიდობეთ,  რომ ვერ აკმაყოფილებდა კლუბის მოთხოვნებს. ჩვენ გვქონდა საუბარი ქალაქის მერთან.  ყველაფერს ცდილობენ ისინი,  რომ ინვესტორები მოიზიდონ და  გუნდი ამ მდგომარეობაში არ დარჩეს. ფეხბურთელების შევსება მოხდება იმ დროს, როდესაც უკვე  გვეცოდინება რომ საჭირო  თანხები გვაქვს. იცით, რომ მერიას უფლება აღარ აქვს კლუბს დაეხმაროს, მაგრამ ყველაფერს ცდილობენ, რომ გვერდში დაგვიდგნენ", -  განმარტავს კახა ჩხეტიანი. 

კლუბიდან წამოსული ერთ–ერთი ფეხბურთელის,  ოთარ კვერნაძის მამა, იური კვერნაძე ქუთაისიპოსტთან საუბარში ამბობს, რომ მისი შვილი გუნდიდან შეთანხმების საფუძველზე წამოვიდა. 

კლუბის მთავარი მწვრთნელის ინფორმაციით, ამ დროისთვის "ტორპედოში" 16 ფეხბურთელია დარჩენილი. 

საფეხბურთო კლუბი "ტორპედო"  მას შემდეგ,  რაც, "ვისოლმა"  2013 წელს მის დაფინანსებაზე უარი თქვა,  ქუთაისის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდებოდა,  თუმცა, მთავრობის  გადაწყვეტიებით, მომავალი წლიდან თვითმმართველობას ეს ვალდებულება მოეხსნა.

ამიერიდან, "ტორპედოს"  სპორტისა და ახალგაზრდობის  სამინისტროსთან ახლადშექმნილი "ფეხბურთის განვითარების ფონდი"დააფინანსებს.




Print