ახალი ამბები
"ვაჩუქოთ ბავშვებს ახალი წელი" - ქუთაისელებს სოციალურ აქციაში ჩართვისკენ მოუწოდებენ
FaceBook
ქუთაისში, სავაჭრო ცენტრში "ქარვასლა" სოციალური აქცია მიმდინარეობს - "ვაჩუქოთ ბავშვებს ახალი წელი".

შენობის მესამე სართულზე ყუთი განთავსდა, რომელშიც პატარებისთვის სხვადასხვა ნივთები და საახალწლო საჩუქრები მოგროვდება.

აქციის ორგანიზატორი სტუდენტთა საინიციატივო ჯგუფია. მათი სურვილია ახალი წელი ყველა ბავშვისთვის სასიხარულო იყოს და საჩუქრის გარეშე არავინ დარჩეს.

ორგანიზტორების სამიზნე ჯგუფს მზურნველობამოკლებული და სოციალურად დაუცველი ბავშვები წარმოადგენენ.

სტუდენტთა საინიციატივო ჯგუფმა მსგავსი ყუთები პირველად თბილისში და შემდეგ ზუგდიდშიც განათავსეს.

"ქუთაისში საჩუქრები მოგროვდება იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და სამეგრელო-სვანეთის ბავშვებისთვის. ვთანამშრომლობთ "SOS ბავშვთა სოფელთან" და სწორედ, მათი ბენეფიციარები მიიღებენ ჩვენს შეგროვებულ საჩუქრებს. "ბავშვთა სოფელი" სანდოობის გამო შევარჩიეთ. ვიცით, რომ საჩუქრები ნამდვილად მივა ადრესატამდე ", - აღნიშნა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ჯაბა შავიშვილმა.

სტუდენტთა საინიციატივო ჯგუფი ქუთაისელებს სოციალურ აქციაში ჩართვისკენ მოუწოდებენ.

"ჩვენ გვჯერა, რომ ქუთაისელი მეგობრები, ახალგაზრდები უფრო მეტად გააქტიურდებიან ბავშვების დასახმარებლად, გაავრცელებენ ინფორმაციას, ვინაიდან აქციის დასრულებამდე და ახალ წლამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება!" - აღნიშნავენ ორგანიზატორები.

Print