ახალი ამბები
წყალტუბოში პირველად ორენოვანი ტურისტული რუქა გამოიცა
FaceBook
უცხოენოვანი ტურიტებისთვის კურორტ წყალტუბოს რუქა Map of Tskaltubo  შეიქმნა.

ის წყალტუბოს მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში არსებული ააიპ კულტურისა და ტურიზმის ცენტრის ინიციატივით გამოიცა.

რუქის პირველ გვერდზე გრაფიკულადაა წარმოდგენილი ყველა ქუჩა და ის ობიექტები, რომელიც ვიზიტორებისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს, მეორე გვერდზე კი წყალტუბოს ღირსშესანიშნაობებია დატანილი.

კულტურისა და ტურიზმის ცენტრში განმარტავენ, რომ ინგლისურ და რუსულ ენებზე გამოცემული საინფორმაციო რუკები ტურისტებს საჩუქრად გადაეცემათ.
პირველ ეტაპზე რუქის 2000 ეგზემპლარი გამოიცა, რაზეც სულ 400 ლარი დაიხარჯა. თუმცა, კულტურისა და ტურიზმის ცენტრის ინფორმაციით, შესაძლოა ტირაჟი მომავალში გაიზარდოს.

"გამომდინარე იქედან, რომ ვიზიტორების რაოდენობა წელს, გასულ წელთან შედარებით გაზრდილია, რუქებზე მოთხოვნა უკვე გაჩნდა სასტუმროებისა და ვიზიტორების მხრიდანაც. შესაძლოა, მომავალში გაზრდილი ტირაჟით გამოიცეს რუქა," – ამბობს ქუთაისიპოსტთან საუბარში წყალტუბოს კულტურისა და ტურიზმის ცენტრის მმართველის მოადგილე, ზურაბ ჩიხრაძე.

მისივე ინფორმაციით, 2016 წლის 9 თვის მონაცემებით (იანვარი–სექტემბერი) კურორტ წყალტუბოს 10 342 ვიზიტორი სტუმრობდა, 2015 წელს მთლიანად კი – 11 332.

ააიპ წყალტუბოს კულტურისა და ტურიზმის ცენტრის ინფორმაციით, კურორტის ბალნეო–სარეაბილიტაციო ცენტრმა, რომელშიც #2 და #3 აბაზანები შედის,
მიმდინარე წლის იანვრიდან ნოემბრის ჩათვლით 5 668, ხოლო სააქციო საზოგადოება "ბალნეოსერვისმა" – 4 880 დამსვენებელი მიიღო.

რაც შეეხება წყალტუბოს ღირშესანიშნავ ადგილებს, 2016 წელს, 9 თვის მონაცემებით, პრომეთეს მღვიმე 136 240–მა, ხოლო სათაფლიას ნაკრძალი 80 125–მა ვიზიტორმა მოინახულა.

2015 წელს კი პრომეთეს მღვიმეს 106 900, სათაფლიას კი 73 600 ვიზიტორი ჰყავდა.



Print