ახალი ამბები
ქუთაისში ფასადების რეაბილიტაციაზე პასუხისმგებელი კომპანია – ვხლაფორთობთ ახლაც
FaceBook
ქუთაისში, ფალიაშვილის ქუჩაზე გარე ფასადების რეაბილიატაცია, რომელიც მიმდინარე წლის ნოემბერში უნდა დასრულებულიყო, მომავალი წლის მარტამდე ვერ დამთავრდება.
სარეაბილიტაციო სამუშაოებს შპს "გი-ან 2011" ასრულებს.

კომპანიის დირექტორის თქმით, რეკონსტრუქციის დასრულების ვადა ქუთაისის მერიამ მომავლი წლის მარტამდე გადაუწია.

გია კოპალეიშვილი ქუთაისიპოსტთან საუბარში სამუშაოების გაჭიანურების მიზეზად, არამდგრად ამინდებს ასახელებს, თუმცა, ასევე ამბობს, რომ რეაბილიტაციის დროს პროექტით გაუთვალისწინებელი სამუშაოების შესრულება მოუწია.

"24 ნოემბერს უნდა დაგვესრულებია, მაგრამ სხვა სამუშაოები გამოჩნდა, გაუთვალისწინებელი. ახალი კარნიზები გავაკეთეთ ფანჯრების გარშემო, რაც არ იყო პროექტში. ასევე, ლესვასთან ერთად, მეტი ეფექტურობისთვის, სხვანაირი დაფარვა გავაკეთეთ. ახლაც ვხლაფორთობთ, გასულები ვართ სამუშაოებზე, მაგრამ ფაქტიურად ვერ ვაკეთებთ. თუ ამინდებმა მოგვცეს შესაძლებლობა, დავასრულებთ", – ამბობს გია კოპალეიშვილი.

მისივე თქმით, დრო დასჭირდა მოსახლეობასთან ურთიერთობასაც, რომელთა ნაწილმა ფანჯრების ამოღებასა და იერსახის შეცვლაზე უარი განაცხადეს.

გია კოპალეიშვილის განმარტებით, გაუთვალისწინებელი სამუშაოების მიუხედავად, სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით გაწერილი თანხის რაოდენობა არ შეცვლია.

"თანხა არ გაზრდილა. ყველაფერში ჩავეტიეთ", – ამბობს კომპანიის "გი–ან 2011" ხელმძღვანელი.

ქუთაისის მერიამ ფალიაშვილის ქუჩაზე ფასადების რეაბილიტაციისთვის 516 604 ლარად შეფასებული ელექტრონული ტენდერი მიმდინარე წლის 22 აპრილს გამოაცხადა.

მასში 5 კომპანია მონაწილეობდა, თუმცა გამარჯვებულად შპს "გი–ან 2011" გამოცხადდა, რომელმაც სამუშაოების შესრულებაში 413 000 ლარი მოითხოვა.

ფალიაშვილის ქუჩაზე ფასადების რეაბილიტაციია 2016 წლის 24 ივლისს დაიწყო.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, შპს "გი–ან 2011"-ს სამუშაოები მიმდინარე წლის 24 ნოემბერს უნდა დაესრულებია.

ქუთაისის მერიაში აცხადებენ, რომ ფალიაშვილის ქუჩაზე გარე ფასადების რეაბილიტაციის სამუშაოები, ყინვებისა და უამინდობის გამო გადაიდო და ის თებერვლის შუა რიცხვებიდან განახლდება.

"შიდა სამუშაოები, რასაც ხელს არ უშლის უამინდობა, ფალიაშვილის ქუჩაზე ახლაც მიმდინარეობს," – აცხადებენ ქუთაისის მერიაში.




Print