ახალი ამბები
ურეცეპტოდ ფსიქოტროპული მედიკამენტების რეალიზაციისთვის აფთიაქის ხელმძღვანელი პირები დააკავეს
FaceBook
ფსიქოტროპული მედიკამენტებით ურეცეპტოდ მოვაჭრე 53 აფთიაქის 4 ხელმძღვანელი პირი და ამავე დანაშაულებრივი ორგანიზებული ჯგუფის 25 წევრი დააკავეს.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, ავტორიზებული ფსიქოტროპული აფთიაქის ხელმძღვანელი პირები, მათ მიერ შემუშავებული დანაშაულებრივი სქემის მიხედვით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სისტემატურად აგრძელებდნენ მედიკამენტების შესაბამისი რეცეპტის გარეშე რეალიზაციას მოქალაქეებზე, მათ შორის არასრულწლოვან პირებზე, რითაც ხელს უწყობდნენ ე.წ. "სააფთიაქო ნარკომანიას" და საფრთხეს უქმნიდნენ ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.

უწყება, ასევე, განმარტავს, რომ ავტორიზებული ფსიქოტროპული აფთიაქები რეცეპტის მოთხოვნის გარეშე რეალიზაციის ფაქტზე, სსიპ "სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტომ" დააჯარიმა. თუმცა, ისინი დაკისრებულ ადმინისტრაციულ ჯარიმას არ იხდიდნენ.

"საჯარიმო ვალდებულებებისათვის თავის არიდების მიზნით, მათთან დაკავშირებული ცალკეული პირების სახელზე, უმეტეს შემთხვევაში იმავე სავაჭრო ობიექტზე არეგისტრირებდნენ ახალ შპს-ებს, რომელთა სახელზედაც თვალთმაქცური და მოჩვენებითი გარიგების საფუძველზე, გადაჰქონდათ დაჯარიმებული აფთიაქების ქონება და სასაქონლო მარაგები. შესაბამისად, დაჯარიმებული ავტორიზებული აფთიაქის ხელმძღვანელი პირები ჯარიმის გადახდის გარეშე, ახალი შპს-ების სახელით, მასშტაბურად აგრძელებდნენ დიდი ოდენობით ფსიქოტროპული წამლების ურეცეპტოდ გაყიდვას, იგივე თანამშრომლებითა და აქტივით, იმავე მისამართებზე," – აღნიშნულია საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მათივე ცნობით, ბრალდებულებმა სახელმწიფო ბიუჯეტში 4 639 234 ლარის გადახდას თავი აარიდეს.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 205 პრიმა მუხლის IV ნაწილით და II ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.





Print