ახალი ამბები
დევნილები საგრანტო განაცხადის შევსებას იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში შეძლებენ
FaceBook
დევნილები საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის შესახებ განაცხადების გაკეთებას იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში შეძლებენ.

პროექტი, რომელსაც დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო ახორციელებს, წინასწარ განსაზღვრული კატეგორიის დევნილებზე გრანტების გაცემას გულისხმობს.

პროექტის ფარგლებში, დევნილები გრანტის მოსაპოვებლად განაცხადების წარდგენას იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში შეძლებენ. მათ მიერ შევსებული დოკუმენტაცია დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოში გადაიგზავნება.

გრანტები გაიცემა: მარტოხელა მშობლებზე, რომლებიც ზრდიან არასრულწლოვან შვილებს, შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირებზე, 25 წლის ან ნაკლები ასაკის ახალგაზრდებზე, რომლებიც მართავენ ოჯახს - დამოუკიდებლად უვლიან არასრულწლოვან დედმამიშვილებს, ასევე ხანდაზმულ პირებზე, რომლებიც ზრუნავენ არასრულწლოვან ობოლ შვილიშვილებზე.

პროექტი 2017 წლის ივნისამდე გაგრძელდება.

მას დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსთან ერთად, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია ახორციელებს.

პროექტს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა აფინანსებს.

Print