ახალი ამბები
ქუთაისის აეროპორტში რეისების ნაწილი შესრულდა, რამდენიმე კი გადაიდო
FaceBook
დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში რეისების ნაწილი შესრულდა, რამდენიმე მათგანი კი გადაიდო.

აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელის, ქეთი ალექსიძის ინფორმაციით, აეროპორტის ასაფრენ ზოლს 3 ერთეული ტექნიკა წმენდდა, ასევე მოხდა თვითმფრინავების ყინვის საწინააღმდეგო სითხით გაწმენდაც, თუმცა მიუხედავად ამისა, უამინდობის გამო ფრენები ვერ შესრულდა.

მისივე განმარტებით, ამ დროისთვის ქუთაისის აეროპორტი ფრენების შესასრულებლად სრულ მზადყოფნაშია.

"ნალექი და თოვლი შეწყდა, ხილვადობამ მომატა და აქედან გამომდინარე, ასაფრენი ზოლი არის გაწმენდილი," – ამბობს ქეთი ალექსიძე.

მისივე განმარტებით, რეისები უკვე შესრულდა კიევის, სალონიკისა და მოსკოვის მიმართულებით, ხოლო ვარშავისა და ბუდაპეშტის ავიარეისები დღეს საღამოს შესრულდება.

რაც შეეხება სოფიის რეისს, ქეთი ალექსიძის თქმით, ის გაუქმდა.

"მგზავრებმა მიიღეს შემოთავაზება, რომ გადაეტანათ ბილეთები 22 დეკემბრისთვის და მანამდე განთავსებულიყვნენ სასტუმროში, ანდა მიეღოთ თანხა უკან," – ამბობს აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელი.

ქუთაისის დავით აღმაშენებლის საეთაშორისო აეროპორტში მგზავრები რეისების შესრულებას დილიდან ელოდებიან.

მათი განმარტებით, მთავარი პრობლემა არა უამინდობის გამო გადადებული ფრენები, არამედ აეროპორტის მიმდებარედ არსებული მოუწესრიგებელი გზებია.

Print