ახალი ამბები
გრაფიკი, ჩაბნელებული საქართველო და დანგრეული სისტემა – გურამ ჩალაგაშვილი დენის ტარიფის ზრდაზე
FaceBook
ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიის ყოფილი თავმჯდომარე, გურამ ჩალაგაშვილი ელექტრონერგიისა და გაზის ტარიფის მოსალოდნელ ზრდაზე კომენტარს ეკეთებს.
მისი თქმით, დენის ტარიფის ცვლილებაზე ლარის კურსის ვარდნა ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია.

"თბოსადგურების გამომუშავება არის ყველაზე დიდი წილი სისტემაში. ისინი მუშაობენ გაზზე და მათთვის გათვალისწინებული კურსი არის დაახლეობით 2.4, რაც ჩაიდო ერთი წლის წინ. დღეს კურსი არის 2,8, ანუ 100 დოლართან მიმართებაში დაახლოებით 40 ლარით არის გაძვირებული ლარი. თბოსადგურებს ელექტროენერგიის გამომუშავება დაახლოებით 30%–ით ძვირი უჯდებათ. ეს ნიშნავს იმას, რომ ცხადია თბოსადგურების ტარიფი გაიზრდება, რასაც შედეგად ავტომატურად უნდა მოყვეს, სამწუხაროდ, ტარიფის ზრდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, განაწილების მარჟა უნდა შეუმცირდეს კომპანიებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს იქნება გრაფიკი, ჩაბნელებული საქართველო და დანგრეული სისტემა. სამწუხაროდ, კომისიას მოუწევს ტარიფის ზრდა, როგორც ელექტროენერგიაზე, ასევე გაზზეც," – აცხადებს გურამ ჩალაგაშვილი.

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის ხელმძღვანელმა ენერგეტიკის მიმართულებით სამომხმარებლო ტარიფების ზრდაზე ისაუბრა.

ირინა მილორავამ ტარიფების ზრდა არ გამორიცხა.

"უკვე განხილული გვაქვს გადაცემისა და დისპეტჩერიზაციის ტარიფები და აქ ზრდა გვაქვს "სახელმწიფო ელექტროსისტემის" ნაწილში, ასევე ზრდა არის "ენერგოტრანსის" ნაწილში. გადაცემა-დისპეტჩერიზაციის ტარიფების ზრდა გამოიწვია იმ ამბიციურმა საინვესტიციო გეგმამ, რომელიც "სახელმწიფო ელექტროსისტემას" აქვს. ხვალინდელ სხდომაზე უკვე ვიხილავთ თბოელექტროსადგურების ტარიფს, შემდეგ მოხდება ჰიდროელექტროსადგურების ტარიფების განხილვა და ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი სამომხმარებლო ტარიფებზე პროგნოზების გაკეთება. დღეს ჩვენი მხრიდან რაიმე შეფასების გაკეთება ამ მხრივ არასწორი იქნება", - განაცხადა ირინა მილორავამ.


Print