ახალი ამბები
ქუთაისში, ინტენსიური თოვის გამო, გორას დასახლებაში საქალაქო ტრანსპორტი არ მოძრაობს
FaceBook
ქუთაისში, გორას დასახლებაში საქალაქო ტრანსპორტი დილიდან არ მუშაობს.

უხვი ნალექის გამო უბნის მიმართულებით ვერც მსუბუქი ავტომობილები გადაადგილდებიან.

"მხოლოდ პიკაპი ახერხებს ამოსვლას. გუშინ შეფერხებით მუშაობდა ტრანსპორტი. დღეს დილიდან  კი საერთოდ აღარ მოძრაობს. ისეთი თოვაა ფეხითაც ვეღარ გადაადგილდება ხალხი",–აცხადებენ ადგილობრივები.

ააიპ "სპეციალურ სერვისებში" ამბობენ რომ გზების გაწმენდა უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.

"გორაზე, ჭომასა და მსგავს პერიფერიულ ზონებში დილიდან დაიყარა მარილი და ინერტული მასალა, მაგრამ იქედან გამომდინარე, რომ თოვა არ წყდება, ტექნიკურ სამუშაოებს ისეთი ეფექტი არ აქვს", – ამბობს "სპეციალური სერვისების" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი, გიორგი მჟავანაძე.

მისივე თქმით, ცენტრალურ გზებზე გადაადგილების პრობლემა არ არის. გარეუბნებში კი ტექნიკური მარილი საღამოს კვლავ დაიყრება.

"სპეციალურ სერვისებში" ამბობენ, რომ უხვ ნალექთან საბრძოლველად საკმარისი რესურსი აქვთ.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ქუთაისში ინტენსიური თოვა დღის ბოლომდე შენარჩუნდება.


Print