ახალი ამბები
"მოხალისე მასწავლებელი ჩემს ქალაქში" – ქუთაისში მოსწავლეებისთვის ესეების კონკურსი ჩატარდა
FaceBook
პროგრამის "ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად" ფარგლებში ქუთაისის #1 საჯარო სკოლის მოსწავლეებს ესეების კონკურსი ჩაუტარდათ.
მასში მონაწილეობა მე–7–8, მე–9–10 და მე–11–12 კლასების მოსწავლეებმა მიიღეს.

პროგრამაში ჩართული გერმანელი მოხალისე მასწავლებლის ხელმძღვანელობით, მათ ესეების თემებზე წინასწარ იმუშავეს.

კონკურსისთვის სამი თემა შეარჩიეს: "მოხალისე მასწავლებლის თემში და სკოლაში მუშაობის დადებითი და უარყოფითი მხარეები", "ძველი ტრადიციები და წესჩვეულებები თანამედროვე სკოლაში" და "მოხალისე მასწავლებელი ჩემს ქალაქში".

"გერმანული ენა ძალიან მიყვარს და ამიტომ ეს კონკურსი ჩემთვის მნიშვნელოვანია," – განაცხადა ქუთაისიპოსტთან ქუთაისის #1 საჯარო სკოლის მე–8 კლასის მოსწავლემ, ლილე ქუთელიამ.

ქუთაისის #1 საჯარო სკოლაში მიმდინარე ესეების კონკურსს პროგრამის "ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად" მენეჯერიც ესწრებოდა.

"კონკურსის მიზანი მოსწავლეებში მოტივაციის და გერმანულ ენაზე წერის უნარ–ჩვევების ამაღლებაა," – განაცხადა თეა ვახტანგაძემ.

მისივე ინფორმაციით, მსგავსი კონკურსი საქართველოს ყველა იმ რეგიონის საჯარო სკოლაში ტარდება, სადაც მოხალისე მასწავლებლები მუშაობენ.

გამაჯვებული ესეეს ავტორებს წლის ბოლოს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში სამახსოვრო საჩუქრები გადაეცემათ.

პროგრამას "ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად" საქართველოს განათლების სამინისტრო 2010 წლიდან ახორციელებს.

მასში 2015 წლამდე მხოლოდ ინგლისურენოვანი მოხალისე მასწავლებლები მონაწილეობდნენ. 2015 წელს კი პროგრამაში სხვა უცხო ენის პედაგოგებიც ჩაერთვნენ.

ქუთაისში 2017 წლის მისამდე მხოლოდ გერმანული ენის ერთი მოხალისე მასწავლებელი იმუშავებს. გასულ წელს კი ინგლისური ენის ორი პედაგოგი ასწავლიდა.



Print