ახალი ამბები
ქუთაისში კოლია ქვარიანის ნეშტს აშშ-დან 2017 წელს გადმოასვენებენ
FaceBook
ლეგენდარული ქართველი მოჭიდავის, კოლია ქვარიანის ამერიკიდან საქართველოში გადმოსვენება, სამართლებრივი პროცესების გამო, გახანგრძლივდა.

ამის შესახებ ქუთაისიპოსტს ქუთაისის მერიის პრესსამსახურში განუცხადეს.

კოლია ქვარიანის ნეშტი ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ ლინდენის როუზჰილის სასაფლაოდან ქუთაისში მიმდინარე წლის 7 ივნისს უნდა გადმოესვენებინათ.

თუმცა, როგორც მერიაში განმარტავენ, ეს საკითხი მომავალ წელს დასრულდება.

ქუთაისელი ფალავანი კოლია ქვარიანი 1980 წლის 17 თებერვალს, 77 წლის ასაკში გარდაიცვალა. ცნობილი იყო, რომ ქვარიანი ნიუ-ჯერსისა და ნიუ-იორკის საზღვარზე არსებულ საფლავზე იყო დაკრძალული, თუმცა მის საფლავს წლების განმავლობაში ეძებდნენ.

მრავალწლიანი ძებნის შემდეგ ლეგენდარული ქართველი მოჭიდავის საფლავი 2007 წელს, ამერიკაში მცხოვრებმა ქუთაისელმა ჟურნალისტმა, მანუჩარ კაჭახიძემ იპოვა.

კოლია ქვარიანი ცნობილი რეჟისორის, სტენლი კუბრიკის მეგობარი ყოფილა. ის რამდენიმე დოკუმენტურსა თუ მხატვრულ ფილმშიც გადაიღეს. მათ შორისაა, სტენლი კუბრიკის ცნობილი ფილმი "მკვლელობა".

კოლია ქვარიანი ქუთაისელი იყო. ის 1920-იან წლებში, თეთრ ხიდთან არსებულ ცირკის არენაზე გამოდიოდა. მის საპატივცემულოდ ქუჩას, სადაც ის ცხოვრობდა, კოლია ქვარიანის სახელი დაერქვა.

ქუთაისელ ფალავანს ერთი სურვილი ჰქონდა - გარდაცვალების შემდეგ მისი ცხედარი დაეწვათ, ხოლო ფერფლი ქუთაისში, მდინარე რიონში, ქვარიანის ჩქერებში მოეყარათ.

გადმოსვენების შემდეგ, კოლია ქვარიანის ნეშტს მწვანეყვავილას მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში, რეზო ჭეიშვილის გვერდით დაკრძალავენ.

მწერლის ცნობილი მოთხრობა "შალიკო ხვინგიაძის თავგადასავალი" სწორედ კოლია ქვარიანზე საუბრით იწყება.


Print