ახალი ამბები
ქუთაისის საკრებულოში 2016 წელს პრემიებისა და სახელფასო დანამატისთვის 120 925 ლარი გაიცა
FaceBook
ქუთაისის საკრებულოში, მიმდინარე წლის იანვრიდან ამ დრომდე, აპარატის თანამშრომლებისა და თანამდებობის პირების პრემიებისა და სახელფასო დანამატებისათვის 120 925 ლარი დაიხარჯა.

პრემია წელს, ადგილობრივ წარმომადგენლობით ორგანოში დასაქმებული 44 თანამშრომლიდან, 43 თანამშრომელზე გაიცა. მათ შორის საკრებულოს ათ დეპუტატატზე. ხოლო სახელფასო დანამატი საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეებს, ბექა ყანჩელს და ნიკოლოზ ლატარიას ერგოთ.

"ზეგანაკვეთური მუშაობის და განსაკუთრებული საპასუხისმგებლო ფუნქციური დატვირთვის გამო, 2015 წლის 1 მარტიდან დღემდე ეძლევათ სახელფასო დანამატი, თითოეულს მათი თანამდებობრივი სარგოს 100 პროცენტის ოდენობით", - ნათქვამია ქუთაისის საკრებულოდან მიღებულ ოფიციალურ წერილში.

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეების ხელფასი 2150 ლარს შეადგენს.

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები განმარტავენ, რომ მათზე დარიცხული სახელფასო დანამატს სრულად სხვადასხვა საქველმოქმედო ორგანიზაციაში რიცხავენ. მათ მიერ საქველმოქმედო მიზნით გაცემული თანხები დეკლარაციებშიც არის მითითებული. 

საკრებულოს აპარატიდან მიღებული წერილის მიხედვით, მიმდინარე წელს, ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარეს, დავით დვალს არც პრემია და არც სახელფასო დანამატი არ აქვს მიღებული.

ქუთაისის საკრებულოში დასაქმებული პირების ხელფასებისთვის მიმდინარე წელს 797 100 ლარია გათვალისწინებული, საიდანაც ამდროისთვის უკვე 733 400 ლარია ათვისებული.

Print