ახალი ამბები
ქუთაისის მერია მწერალთა სახლის შენობას მომავალ წელს აუქციონზე გაიტანს
FaceBook
ქუთაისში, მწერალთა სახლის შენობას, ადგილობრივი თვითმმართველობა, მომავალი წლიდან აუქციონზე გაიტანს და  გაასხვისებს.

ამის შესახებ, "ქუთაისიპოტთან" საუბარში მერის მოადგილემ ეკონომიკის საკითხებში, კოტე ქავთარაძემ განმარტა.

მისი თქმით, მერია ამ ეტაპზე ობიექტის აუქციონზე გასატანად ამზადებს.

მწერალთა კავშირის ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარე თემურ ლანჩავა  განმარტავს, რომ აუქციონზე  ობიექტი იმ შემთხვევაში გავა, თუკი ინვესტორი არ მოიძებნება, რომელიც შენობას რეკონსტრუციას ჩაუტარებს.

"ასეთია გადაწყვეტილება ჯერ-ჯერობით, რომელთანაც მე მერთან მქონდა საუბარი, რომ შენობაში შევიდეს ორგანიზაცია, რომელიც ამ ობიექტს მოუვლის,  უპატრონებს. არაფერი ამ წუთში არ უვარგა,  ყველაფერი გასაკეთებელია და ჩვენ გვექნება ალბათ ერთი სართული", -  განმარტავს თემურ ლანაჩავა.

შენობის გასხვისების საკითხი ქუთაისის მერიაში მას შემდეგ გააჟღერეს, რაც იქ ოთხი თვის წინ (20 ივლისს) ცეცხლი გაჩნდა.

მაშინ ადგილობრივ თვითმმართველობაში განმარტავდნენ, რომ ადგილი კომერციული თვალსაზრისით სტრატეგიული ობიექტია.

მწერალთა კავშირის ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარის თემურ ლანჩავას თქმით, გრიშაშვილის ქუჩაზე ორგანიზაცია დაახლოებით 50 წელია ფუნქციონირებს. მანამდე იქ მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლე იყო განთავსებული.

დღეის მდგომარეობით, მწერალთა კავშირს რამდენიმე ოთახი აქვს დაკავებული.

შენობის ნაწილი სხვადასხვა ორგანიზაციაზე იჯარით არის გაცემული, ხოლო დანარჩენი ფართი დაკეტილია.


Print