ახალი ამბები
ქუთაისის "ტორპედო" პრეზიდენტმა ზაალ ჩაჩავამ დატოვა
FaceBook
საფეხბურთო კლუბი "ტორპედო" ახალი ინვესტორის მოლოდინშია.
კლუბის პრეზიდენტმა და ინვესტორმა, ზაალ ჩაჩავამ  გუნდი დატოვა. 

არსებული ინფორმაციით, ჩაჩავამ ქუთაისის ადგილობრივ ხელისუფლებასთან შეთანხმება ვერ მოახერხა.

პრეზიდენტის მიერ კლუბის დატოვებას ადასტურებენ ქუთაისის მერიაში და ამბობენ, რომ კლუბის გასხვისებამდე "ტორპედო" ადგილობრივი თვითთმმართველობის საკუთრებაში დარჩება. 

ქუთაისის მერმა, შოთა მურღულიამ კი საკრებულოს   30–ე რიგგარეშე სხდომაზე  განაცხადა, რომ  კლუბის ინფრასტრუქტურას კვლავ ადგილობრივი ბიუჯეტი  დააფინანსებს, ხოლო სხვა  ხარჯებს "ფეხბურთის განვითარების ფონდი" გაიღებს.

კონკრეტულად რაზე ვერ შეთანხმდენენ ინვესტორი და ქუთაისი მერია უცნობია. "ტორპედოს" აღმასრულებელი დირექტორი სატელეფონო ზარებს არ პასუხობს. კლუბის პრესსამსახურში კი ამბობენ, რომ ზაალ ჩაჩავას გუნდი ოფიციალურად ჯერ არ დაუტოვებია.

"ეს იმან უფრო იცის, ვინც ბრძანება დაწერა მის დანიშვნაზე. მერიას უნდა კითხოთ. ვიცი მხოლოდ ის, რომ ოფიციალურად ჩაჩავას კლუბი არ დაუტოვებია",–აცხადებს "ტორპედოს" პრესსამსახურის უფროსი,  იუზა კაციტაძე. 

მისივე თქმით, ზაალ ჩაჩავა კლუბში, მიმდინარე წლის 22 ნოემბერს,  "ტორპედოს" მიერ მარტვილის "მერანთან",  დავით ყიფიანის თასის მოგების შემდეგ არ გამოჩენილა.

"ზესტაფონში ახლდა გუნდს თასის თამაშზე. მას შემდეგ კლუბში არ მოსულა. უცხოეთში იყო ბოლოს, მაგრამ  მაგის წარმომადგენლები მოდიოდნენ. ",–ამბობს იუზა კაციტაძე.

ზაალ ჩაჩავა საფეხბურთო კლუბ "ტორპედოს" პრეზიდენტად მიმდინარე წლის 23 ივნისს დაინიშნა.

კლუბში ახალი ინვესტორის მოსავლას ხმაურიანი პროცესები უძღოდა წინ.

"ტორპედო"  ჯერ პრეზიდენტმა თემურ ჩეჩელაშვილმა, მოგვიანებით კი გუნდის კაპიტანმა და  ორმა ფეხბურთელმა დატოვა.





Print