ახალი ამბები
პარლამენტის შენობასთან 300-მდე მძღოლმა საპროტესტო აქცია მოაწყო
FaceBook
საქართველოს პარლამენტის შენობის წინ, აქციის მონაწილე მძღოლები ავტომობილებზე აქციზის ფასის ზრდას აპროტესტებენ.

სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსული 300- მდე ავტომობილის მძღოლი საგადასახო კოდექსში შესატან ცვლილებებს ეწინააღმდეგებიან და დეპუტატებთან შეხვედრას ითხოვენ.

"მოვუწოდებთ დეპუტატებს, რომ არ მიიღონ ცვლილება კანონში, რადგან ამის გამო გაძვირდება საწვავი, ვეღარ განვაბაჟებთ ავტომობილებს და საერთოდ გაუსაძლისი გახდება ცხოვრება,"- აცხადებენ მძღოლები.

"ახლახანს ვიყიდე მანქანა, რომლის განბაჟებაშიც მიწევდა 500 დოლარი, კანონში ცვლილების შემდეგ კი ამისთვის 1800 დოლარი დამჭირდება, მანქანა კი ჯერაც არა განმიბაჟებია," - ამბობს აქციის მონაწილე ერთ-ერთი მძღოლი.

მთავრობის მიერ შემოთავაზებული ცვლილებების თანახმად, 2017 წლის 1 იანვრიდან ავტომობილებზე აქციზის გადასახადი იზრდება.

2017 წლის ბიუჯეტის პროექტში უკვე მოცემულია კონკრეტული სქემა, თუ რამდენით გაიზრდება აქციზი სხვადასხვა წელს გამოშვებულ ავტომობილებზე.

აღსანიშნავია, რომ 2017 წლის ბიუჯეტის მიხედვით, მარჯვენასაჭიან მსუბუქ ავტომობილებზე აქციზის განაკვეთი სტანდარტული განაკვეთის სამმაგი ოდენობით განისაზღვრება.

ამასთან, პროექტში აღნიშნულია რომ საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლს ემატება მე-100 ნაწილი, რომლის თანახმად გარდამავალ პერიოდში მსუბუქი ავტომობილები დაიბეგრება აქციზის განაკვეთების ცვლილებამდე არსებული განაკვეთით, თუ შეძენილი ავტომობილის ტრანსპორტირება დაწყებულია არაუგვიანეს 2016 წლის 1 დეკემბრისა.

Print