ახალი ამბები
"მომავლის ფონდის" ორგანიზებით ქუთაისში საქველმოქმედო საფეხბურთო ჩემპიონატი იწყება
FaceBook
ქუთაისის სპორტის სასახლეში არასამთავრობო ორგანიზაცია "მომავლის ფონდის" ინიციატივით საქველმოქმედო საფეხბურთო ჩემპიონატი ჩატარდება.

მისი მიზანი სოციალურად დაუცველი და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ახალგაზრდების დახმარება.

"ფონდი მხარს უჭერს ჯანსაღი ცხოვრების წესს, თუმცა პროექტის უმთავრესი მიზანი ქველმოქმედებაა. მხარდამჭერი კომპანიების თანადგომით, დახმარება გაეწევა ბენეფიციარებს," – აღნიშნავს ფონდის დამფუძნებელი არჩილ ნიჟარაძე.

საფეხბურთო ჩემპიონატში "მომავლის ფონდის" მხარდამჭერი ორგანიზაციების 8 გუნდი მონაწილეობს, რომლებიც ადგილობრივ ბიზნესორგანიზაციებს წარმოადგენენ. ისინი ა და ბ ჯგუფებში გადანაწილდნენ.

"მომავლის ფონდის" ლიგა მიმდინრე წლის 13 დეკემბერს დაიწყება, ფინალური შეხვედრა კი 21 დეკემბერს სპორტის სასახლეში გაიმართება.

ფონდის მესვეურების ინფორმაციით, გარდა ჩემპიონატის გამარჯვებულისა, სხვადასხვა ნომინაციებიც გათამაშდება. ჩემპიონატში მონაწილე გუნდები კი მხარდამჭერი კომპანიებისგან პრიზებს მიიღებენ.

ფინალურ შეხვედრას დაესწრებიან სოციალურად დაუცველი და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ახალგაზრდებიც, რომლებსაც ფონდი დახმარებას გაუწევს.

"მომავლის ფონდის" ლიგის საფეხბურთო მატჩებს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში აკრედიტირებული მსაჯები განსჯიან.

არასამთავრობო ორგანიზაციის ორგანიზებით ქუთაისში, მიმდინარე წლის 3 ოქტომბერს თეთრ ხიდზე კონცერტი გაიმართა.

მოეწყო ყვავილების, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, მხატვართა და ფოტოგრაფთა ნამუშევრების, სხვადასხვა ნივთების გამოფენა.

"მომავლის ფონდი" 4 თვის წინ დაფუძნდა. არასამთავრობო ორგანიზაცია, ძირითადად, საგანმანათლებლო პროფილით იმუშავებს.









Print