ახალი ამბები
"მოკლული ქალების ხმა" – ფილმის ჩვენება ქუთაისში
FaceBook
ქუთაისში, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ფილმის – "მოკლული ქალების ხმა" ჩვენება მოეწყო.

მასში 2014 წელს ქმრების მიერ მოკლული ქალების ისტორია, კერძოდ, სამი ქალის გარდაცვალების განსხვავებული შემთხვევაა გადმოცემული.

ფილმის ჩვენება "ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველოს" ახალგაზრდული კლუბის "ახალგაზრდები ევროპისათვის" ორგანიზებით მოეწყო.

სააგენტოს აღმასრულებელ დირექტორს, ნინო ხუხუას მიაჩნია, რომ საზოგადოებამ მსგავსი საკითხების მიმართ ხმა უნდა აიმაღლოს, რათა ერთიანი ძალებით ეფექტურად მოხდეს ქალთა მიმართ ძალადობის პრობლემასთან ბრძოლა. ის, ასევე, ამ საკითხთან მიმართებაში, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაზე ამახვილებს ყურადღებას.

"2014 წელს მოკლული ქალების ნაწილი არასრულწლოვანი იყო, ნაწილი არა, მაგრამ მაინც აღმოჩნდნენ ძალადობის მსხვერპლნი მეუღლეების მხრიდან. ეს თემა დღესაც ძალიან აქტუალურია, რადგან კვლავაც გრძელდება მსგავსი ფაქტები ჩვენს ქვეყანაში. გასულ კვირას მკვლელობის კიდევ ერთი ფაქტი დაფიქსირდა," – ამბობს ნინო ხუხუა.

დოკუმენტური ფილმი გადაღებულია "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა" და "StudioMobile - Accent on Action – სტუდიო მობილი-აქცენტი მოძრაობაზე" მიერ, ერთობლივი პროექტის ფარგლებში, რომელიც საქართველოში ნიდერლანდების საელჩომ დააფინანსა.

დოკუმენტური ფილმის ჩვენება ქუთაისის ლადო მესხიშვილის დრამატულ თეატრში შედგა.






Print