ახალი ამბები
სფფ საფეხბურთო განათლების სასერთიფიკატო პროგრამას იწყებს
FaceBook
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია, პირველად ქართული ფეხბურთის ისტორიაში, საფეხბურთო განათლების სასერთიფიკატო პროგრამას იწყებს.

მასზე განაცხადების მიღება სფფ–მ უკვე გამოაცხადა.

სასერთიფიკატო პროგრამა უეფას შესაბამისი საგანმანათლებლო კურსის ქართული ანალოგია და სრულად უეფას დაფინანსებით ხორციელდება.

სფფ მას ილიას უნივერსიტეტთან პარტნიორობით განახორციელებს. პროგრამა მსმენელთათვის უფასოა და ქართულ ფეხბურთში დასაქმებული მენეჯერების კვალიფიკაციის ამაღლებასა და პროფესიული უნარ-ჩვევების გაღრმავებას ისახავს მიზნად.

სფფ–ს ინფორმაციით, ამ ეტაპზე პროგრამას საფეხბურთო სფეროში დასაქმებული 30 პირი გაივლის, მათ შორის რანგით პირველი და მეორე ლიგების კლუბებისა და სხვა საფეხბურთო ფედერაციებისა თუ ასოციაციების წარმომადგენლები.

მსმენელები მსოფლიო და ევროპული ფეხბურთის სტანდარტებს გაეცნობიან, ასევე შეისწავლიან სტრატეგიული მართვის, ფინანსური დაგეგმვის, ღონისძიებების ორგანიზების, მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებს.

"სფფ - ის სერტიფიკატი ფეხბურთის მენეჯმენტში" 2017 წლის ივლისში დასრულდება. პროგრამაში მონაწილე პირებს, კურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში, შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცემათ.



Print