ახალი ამბები
ქუთაისის მერია ნაძვის ხის სათამაშოებისთვის 20 000 ლარამდე დახარჯავს
FaceBook

ქუთაისის მერიამ საახალწლოდ ნაძვის ხის სათამაშოების შესყიდვა-მონტაჟისთვის 19 986 ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა


მიმდინარე წლის 9 დეკემბერს გამოცხადებული ტენდერის მიხედვით, ელექტრონულ შესყიდვაში წინადადებების მიღება 13 დეკემბერს დაიწყება.

სატენდერო დოკუმეტაციის მიხედვით, გამარჯვებულმა კომპანიამ ქუთაისში საახალწლო-სადღესასწაულო განწყობის შესაქმნელად, ნაძვის ხის სათამაშოების შესყიდვა და მონტაჟი უნდა უზრუნველყოს.

ნაძვის ხის სფეროსებრი ბურთულები, ანგელოზების გამოსახულების სათამაშოები, ხისგან დამზადებული ფიფქები, ირმის მანათობელი კონსტრუქცია, და სხვა აქსესუარები "მიმწოდებელმა" ხელშეკრულების დადებიდან 4 დღეში უნდა შეიძინოს და დაამონტაჟოს.

სახაალწლო ნაძვის ხის სათამაშოების შეძენა-მონტაჟისთვის ტენდერში განაცხადების მიღება მიმდინარე წლის 15 დეკემბერს დასრულდება.

ქუთაისში საახალწლოდ ქუჩების გაფორმება უკვე დაიწყო.

ქალაქის რეაბილიტირებულ უბანში დამონტაჟებულია თეთრი ნაძვის ხეც.

მანათობელი ფიგურებისა და ნაძვის ხის რეაბილიტაციას, ასევე მათ მონტაჟსა და დემონტაჟს, ქუთაისის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს "აღმდგენი" 78 102 ლარად ახორციელებს.

ამასთანავე, საახალწლოდ 145 ცალ სხვადასხვა ფერისა და სტრუქტურის მანათობელი ფიგურის შესაძენად, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 47 777 ლარია გამოყოფილი.

გარდა ამისა, ქუთაისის მერია სადღესასაწაულო დღეებში ადგილობრივებს კულტურულ და გასართობ შოუ–პროგრამებსაც შესთავაზებს, რისთვისაც 74 600 ლარი დაიხარჯება.

ქალაქის რეაბილიტირებულ უბანში დაგეგმილია "საბავშვო ქალაქის" მოწყობაც.

ადგილობრივი თითმმართველობის მიერ ქუთაისში საახალწლო განწყობის შესაქმნელად მიმდინარე წელს 249 500 ლარია გამოყოფილი.

 

Print