ახალი ამბები
ქუთაისის მერია აღმაშენებლის აეროპორტში ტურისტებს ჩიჩილაკებით დაასაჩუქრებს
FaceBook
ქუთაისის მერია,  დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში,  ახალი წლის დღეებში გასამართი ღონისძიებისთვის სასაჩუქრედ 600 ცალ ჩიჩილაკს შეისყიდის.
ამ მიზნით, მერიამ 1 800 ლარად შეფასებული ელექტრონული ტენდერი (SPA160029897) 2016 წლის 5 დეკემბერს გამოაცხადა, სადაც წინადადების მიღება 8 დეკემბერს დაიწყება და ოთხ დღეში დასრულდება.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში საჩუქრების მიწოდება, ტენდერში გამარჯვებულ ორგანიზაციასთან ხელშეკრულების დადებიდან, მიმდინარე წლის 26 დეკემბრის ჩათვლით უნდა მოხდეს.

ელექტრონული შესყიდვის პირობების მიხედვით, ჩიჩილაკი უნდა იყოს არანაკლებ 15 სმ. სიმაღლის, სადაგმით, გამჭვირვალე, თხელი პოლიეთილენით და წითელი ბანტით შეფუთული. გარდა ამისა, კომპანიამ საჩუქრის დიზაინი და სხვა დეტალები ქუთაისის მერიასთან უნდა შეათანხმოს.

ადგილობრივ თვითმმართველობაში განმარტავენ, რომ სასაჩუქრე ჩიჩილაკები, ახალი წლის წინა დღეებში, ქალაქში ვიზიტად ჩამოსულ ტურისტებს გადაეცემათ.




Print