ახალი ამბები
ქუთაისში მოსახლეობა სასმელი წყლის მიწოდებას ითხოვს
FaceBook

ქუთაისში მჭედლიძის, ბერძენაძისა და ასათიანის ქუჩის მესამე ჩიხის მცხოვრებლებს წყალი უკვე მეხუთე დღეა არ მიეწოდება.



ადგილობრივები სასმელ წყალს მაღაზიებში ყიდულობენ.

ისინი წყალმომარაგების ქსელის დროულ შეკეთებას და სასმელი წყლის მიწოდებას ითხოვენ.

"წყალს ვყიდულობთ და ასე გაძლება უკვე აღარ შეიძლება,"- ამბობენ ადგილობრვები.

საქართველოს "გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში" განმარტავენ, რომ მჭედლიძისა და ბერძენაძის ქუჩაზე წყალმომარაგება, მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, შეიზღუდა.

"გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის" ქუთაისის სერვისცენტრის დირექტორი, ირაკლი ტურძელაძე "ქუთაისიპოსტთან" საუბარში აცხადებს, რომ მოსახლეობას წყალი დღის ბოლომდე მიეწოდება.

"ასეთ წვიმიან ამინდშიც მუშაოებენ, რადგან ხდება წყლის ძველი ქსელის ახლით ჩანაცვლება," - განმარტავს ირაკლი ტურძელაძე.

ასათიანის ქუჩაზე წყლის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოებს "წყალმომარაგების კომპანიის" კონტრაქტორი ფირმა SMK ახორციელებს.

წყლის მილებისა და გზის საფარის გაჭიანურებული სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, აღნიშნულ ქუჩაზე მცხოვრებ ადგილობრივებსა და თურქული კომპანია SMK-ს ქუთაისის ოფისის თანამშრომლებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

კომპანიაში მომხდარზე კომენტარი არ გააკეთეს.

საქართველოს "გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში კი განმარტეს, რომ მოსახლეობასა და SMK-ს თანამშრომლებს შორის "რაღაც გაუგებრობა" იყო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განმარტავენ, რომ მომხდარზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლითაა აღძრული, რაც ცემას ითვალისწინებს.




 

Print