ახალი ამბები
ქუთაისის მერია მთავრობას სტიქიით მიღებული ზარალის ანაზღაურებას სთხოვს
FaceBook
ქუთაისის მერია მთავრობას სტიქიით მიღებული ზარალის ანაზღაურების თხოვნით მიმართავს.

ადგილობრივმა თვითმმართველობამ თხოვნის წერილით მიმდინარე წლის 25 ნოემბერს მიმართა. ძლიერი ქარის გამო ქუთაისში მიღებულმა ზიანმა 341 220 ლარი შეადგინა. ამ თანხიდან 2 560 ლარი ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო.


"ქუთაისის მერი თავის მხრივ, შექმნილი მძიმე მდგომარეობის დროებითი განმუხტვის მიზნით, განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში მყოფ (საუბარია, საცხოვრებელ კორპუსებეზე და 2 კერძო სახლზე) ამხანაგობებსა და მოქალაქეებს გადასაფარებელი მასალის (ტენტი) შესაძენად გამოუყო 2 560 ლარი", - განმარტებულია მერიიდან მიღებულ წერილში.

ოთხდღიანი ძლიერი ქარის შედეგად ქუთაისში 118 ობიექტი დაზიანდა. აქედან, სტიქიის შედეგად სხვადასხვა დაზიანება მიიღო 65-მა მაღლივმა კორპუსმა, ხოლო 53 კერძო საცხოვრებლს სახლს სახურავი გადახადა.

ძლიერმა ქარმა ქუთაისის გარდა, იმერეთის რეგიონის კიდევ შვიდი მუნიციპალიტეტი დააზიანა. ზარალმა რეგიონის მასშტაბით, 1 349 040 ლარი შეადგინა.
Print