ახალი ამბები
ქუთაისში "ლგბტქი" ადამიანთა ფოტოსურათების გამოფენას არც ერთი საგამოფენო სივრცე დაუთმეს
FaceBook
ფრიდა კალო, მარლენ დიტრიხი, გრეტა გარბო, ტილდა სვინტონი და ბევრი სხვა ცნობილი ადამიანის ფოტო შეეძლო ეხილა დამთვალიერებელს, თუკი ქუთაისში გამართულ "ლგბტქი" ადამიანთა ფოტოსურათების გამოფენას დაესწრებოდა.

გამოფენაზე წარდგენილი იყო ქართველი და საერთაშორისოდ ცნობილი ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი, ტრანსგენდერი, ქვიარი და ინტერსექსი ადამიანების ფოტოები და ისტორიები. ასევე, "ლგბტქი" აქტივიზმის დასაწყისი ფოტო/ვიდეო მასალა, გამოიფინა ფოტოები მხატვარ ეთერ ჭკადუას გამოფენიდან.(პროექტი ანონიმუსი)

გამოფენა პროექტის "შევაჩეროთ ძალადობა ლგბტქი ადამიანთა მიმართ" ფარგლებში, არასამთავრობო ორგანიზაციის "განათლებისა და შრომის ასოციაციისა" და მხატვარ ლია უკლებასთან ერთობლივი თანამშრომლობით განხორციელდა. მის მიზანს "ლგბტქი" საზოგადოების მიმართ მხარდაჭერის გამოხატვა წარმოადგენდა.

"ცალკეული სოციალური ჯგუფები, რეალობაში, ვერ ახერხებენ საკუთარი უფლებებით სრულად სარგებლობას და განიცდიან სტრუქტურულ ჩაგვრასა და დისკრიმინაციას. ამ მხრივ ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი, ტრანსგენდერი, ქვიარი და ინტერსექსი ადამიანები ერთ-ერთ ყველაზე ჩაგრულ და დისკრიმინებულ ჯგუფს წარმოადგენენ საქართველოში", – აღნიშნა გამოფენის ორგანიზატორმა, ხატია ახალაიამ.

პრობლემა თავად გამოფენასაც შეექმნა. მას, სხვადასხვა მიზეზით, ქუთაისში არც ერთი საგამოფენო სივრცე დაუთმეს.

"ერთ- ერთს წამოსცდა, რომ, სწორედ, ამ თემის, ლგბტქი საკითხების გამო გვეუბნებოდა უარს", – აღნიშნა ხატია ახალაიამ.

გამოფენა მხატვარ ლია უკლებას სახელოსნოში გაიმართა.

უსაფრთხოების მიზნით, შენობასთან მობილიზებული იყო პოლიცია. გამოფენას სახალხო დამცველის წარმომადგენელი ესწრებოდა.



Print