ახალი ამბები
"World vision" ქუთაისის მერიას კომუნალური ხარჯების დაფარვას თხოვს
FaceBook

ქუთაისში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაცია "World vision –georgia", თავისივე დღის ცენტრის  კომუნალური ხარჯების დაფარვას,   მომავალი წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ითხოვს.


ამ მიზნით, ორგანიზაციამ ადგილობრივ თვითმმართველობას წერილობით მიმართა. შედეგად, მერიამ 2017 წლის ბიუჯეტის პროექტში 15 000 ლარი გაითვალისწინა, რაშიც გარდა "World vision"-ისა, ქალაქში მოქმედი რამდენიმე დღის ცენტრი მოხვდა.

მათ შორის, დაფინანსება, შესაძლოა, მიიღონ ორგანიზაციებმა "ქუთასის განათლების, განვითარებისა და დასაქმების ცენტრი", "ხიდი", "ჯადოსნური სამყარო" და "ნაიო".

"World vision"-ის მენეჯერი, დავით ჩხობაძე, ქუთაისიპოსტთან საუბარში, ქუთაისის მერიისათვის წერილობით მიმართვას ადასტურებს.

თუმცა, მისივე განცხადებით, ადგილობრივ თვითმმართველობას ორგანიზაციასთან ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში, გარკვეული  ვალდებულებები აქვს.

"ჩვენ გვაქვს სამმხრივი თანამშრომლობა ქუთაისის მერიასთან და ამით მათ რაღაც ვალდებულებები ჩვენთან მიმართებაში აქვთ. ისეც არ არის, რომ თანხას ვითხოვდეთ", - ამბობს "World vision"-ის მენეჯერი, დავით ჩხობაძე.

მოხვდება თუ არა  არასამთავრობო ორგანიზაციების კომუნალური ხარჯების დაფინანსება ბიუჯეტის  საბოლოო ვარინატში, ჯერჯერობით, უცნობია.

საკითხის განხილვა ქუთაისის მერიამ, საკრებულოს შენივნის გამო, დროებით შეაჩერა.

ჯანაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის წევრები მიიჩნევენ, რომ NGO სექტორი ადგილობრივი ბიუჯეტიდან არ უნდა დაფინანსდეს.

"ვფიქრობ, არასამთავრობო ორგანიზაციებმა თავად უნდა კვებონ საკუთარი თავი და მათ ქალაქი არ უნდა აფინანსებდეს. სტატუსი "არასამთავრობო" უკვე მიუთითებს იმაზე, რომ ქალაქის ბიუჯეტიდან არ უნდა იღებდნენ თანხას," – განაცხადა საკრებულოს დეპუტატმა და კომისიის წევრმა, რობინზონ წინწკალაძემ.

ქუთაისის მერიის სოციალურ საკითხთა სამსახურის უფროსის, გია ჩიჯავაძის თქმით, აღმასრულებელი ორგანო საკრებულოს შენიშვნას განიხილავს და გადაწყვეტილებას დადგენილ ვადებში მიიღებს.

"რადგან მოგვმართა ამ ორგანიზაციამ, ვიფიქრეთ, რომ მხოლოდ მისი დაფინანსება არ იქნებოდა სამართლიანი. ამიტომ, გადავხედავთ სხვა დღის ცენტრებსაც და გადავწყვეტთ ჩაისმება თუ არა ბიუჯეტში," – განაცხადა ჩიჯავაძემ.

დღის ცენტრებს, რომლებსაც  საშუალოდ 40 ბენეფიციარი ჰყავთ,  სახელმწიფო ბიუჯეტიდან ყოველთვიურად, თითოეულ ბენეფიციარზე, 145 ლარიანი  ვაუჩერი გადეცემათ.

ქუთაისის მერიის სოციალურ სამსახურში ამბობენ, რომ არასამთავრობოებისთვის კომუნალური ხარჯების დაფარვის პროგრამა, ქალაქის ბიუჯეტში, აქამდე არ ყოფილა.

 

Print