ახალი ამბები
"ეკომიგრანტები უფლებებისათვის" - ხონის მუნიციპალიტეტში მედიატური შედგა
FaceBook
ხონის მუნიციპალიტეტის, სოფელ დედალაურში, აჭარიდან სტიქიური მოვლენის შედეგად იძულებით გადაადგილებული პირთა დასახლებაში მედიატური მოეწყო.

მისი ორგანიზატორი არასამთავრობო ორგანიზაცია რეგიონალური ინიციატივების ცენტრი "ნათელი მომავალია".

ორგანიზაციის ხელმძღვანელის, მარიკა ვაჭარაძის თქმით, ეკომიგრანტების მხარდაჭერა მნიშვნელოვანია, რადგან მათ მძიმე სოციალური და ეკონომიკური პრობლემები აწუხებთ.

"საცხოვრებლად საშუალოზე დაბალი პირობები აქვთ, ამიტომ მნიშვნელოვანია, გავაშუქოთ ეს საკითხი და ასევე, რაც ყველაზე მთავარია, მოვუსმინოთ ამ ადამიანებს, გავითვალისწინოთ მათი აზრი", - ამბობს მარიკა ვაჭარაძე.

ეკომიგრანტების პრობლემების გაშუქების მნიშვნელობაზე მედიატურის მონაწილე ჟურნალისტები საუბრობენ.

"ნებისმიერი ტრენინგი არის ამა თუ იმ საკითხის გააზრებისა და გაანალიზების კარგი თეორიული გზამკვლელი. თუმცა, ჟურნალისტიკა არის ფაქტებზე დაფუძნებული მეცნიერება და ის აუცილებლად მოითხოვს თემის უფრო დეტალურ ცოდნას, რაშიც, ვფიქრობ, მსგავსი გასვლითი ტურები ძალიან დაგვეხმარება. მე პირადად ვერასდროს წარმივიდგენდი, თუ რა მწვავე პრობლემებში უწევთ ამ ადამიანებს ცხოვრება. მათთან შეხვედრამ ეკომიგრაციაც და ჩემი პროფესიაც სხვა ჭრილში დამანახა", - ამბობს ჟურნალისტი, ლიკა დევდარიანი.

1989 წლის აპრილში აჭარის რეგიონში მომხდარმა მეწყერმა, ძირითადად, ხულოს, ქედისა და შუახევის მუნიციპალიტეტების მაღალმთიან სოფლებში მცხოვრები მოსახლეობა დააზარალა.

სტიქიური უბედურების გამო, მოსახლეობის მიგრაცია აჭარიდან საქართველოს სხვადასხვა რეგიონში განხორციელდა, მათ შორის, ხონის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფლებში.

მედიატურს წინ ტრენინგი უძღოდა. მიმდინარე წლის 18 ნოემბერს რეგიონალური ინიციატივების ცენტრის ორგანიზებით ქუთაისში NIMD-ის ოფისში ჟურნალისტებისთვის ტრენინგი მოეწყო. ტრენინგის თემა ეკომიგრანტების მდგომარეობას ეხებოდა, რომელიც პროექტის "ეკომიგრანტები უფლებებისთვის" ფარგლებში ჩატარდა. ტრენინგს სხვადასხვა მედია საშუალებების 18 ჟურნალისტი ესწრებოდა.

"პროექტი მიზნად ისახავს ეკომიგრანტების პრობლემების გამოკვეთას და მათი შესაძლებლობების გაზრდას ადგილობრივ დონეზე. გარდა მედია ნაწილისა, პროექტი ეკომიგრანტი ქალების სოციალურ-ეკონომიკურ გაძლიერებასაც მოიცავს. მათ პროექტის ფარგლებში ვასწავლით ძაფით, ალმასების და ბისერებით ქარგვას, ხოლო პროექტის დასრულების შემდეგ მოეწყობა მათი ნამუშევრების გამოფენა გაყიდვა. შემოსული თანხა კი ეკომიგრანტი ქალების გაძლიერებას მოხმარდება,"- აღნიშნა პროექტის კოორდინატორმა, მარიკა ვაჭარაძემ.

ჟურნალისტებისთვის ტრენინგ CENN-ის წარმომადგენელი, ექსპერტი მელანო ტყაბლაძე უძღვებოდა. 20 ნოემბრიდან კი ტრენინგის მონაწილე ჟურნალისტებისთვის მედია კონკურსი გამოცხადდება თემაზე "ეკომიგრანტები უფლებებისთვის", რომლის ფარგლებში სამი გამარჯვებული გამოცხადდება. გამარჯვებულებს კი ფასიანი საჩუქრები გადაეცემათ.



Print