ახალი ამბები
ქუთაისის მერიამ კონკურსში გამარჯვებული მოსწავლეები და სტუდენტები გამოავლინა
FaceBook
ქუთაისის მერიის განათლების ღონისძიების პროგრამის "მერიის სტიპენდია წარმატებული მოსწავლეებისა და სტუდენტებისათვის" სამივე ეტაპი დასრულდა.
კონკურსში მონაწილეობა მიიღეს ქალაქის საჯარო და კერძო სკოლების მე-11-ე  კლასის მოსწავლეებმა და უნივერსიტეტის მე-3 კურსის სტუდენტებმა. დარეგისტრირდა 301 კონკურსანტი, ხოლო გამარჯვება, 9 მოსწავლემ და 10-მა სტუდენტმა მოიპოვა.

"ეს იყო პილოტური პროგრამა, ჰუმანიტარული მეცნიერებების (ქართული ენა-ლიტერატურა, ისტორია, უცხოური ენები) მიმართულებით. თანხის რაოდენობა ბიუჯეტში 10 000 ლარია, მაგრამ გამომდინარე იქედან, რომ პროგრამამ წარმატებით იმუშავა საკრებულოს მივმართავ და მომავალი წლისთვის გვინდა, რომ კიდევ უფრო გავზარდოთ ამ კონკურსის მასშტაბი"- განაცხადა ქუთაისის მერმა, შოთა მურღულიამ.
"მისასალმებელი ინიციატივაა, რადგან ნიჭიერი სტუდენტების მოტივაციის ამაღლებას შეუწყობს ხელს და სწავლის პროცესში უფრო აქტიურად ჩართვას. ტესტირება საკმაოდ ობიექტურად წარიმართა. ტესტები იყო ისეთი სირთულის, რომ ნებისმიერ კარგ სტუდენტს უნდა დაეძლია ის", -  განმარტა  ქართული ენისა და ლიტერატურის მე-3 კურსის გამარჯვებული სტუდენტი, სალომე ჩოგოვაძე.
განათლების პროგრამით გათვალისწინებული სტიპენდიის ხანგრძლივობა 8 თვით განისაზღვრა. გამარჯვებულად ჩაითვალა მონაწილე, რომელიც მოხვდა შესაბამისი საგნის რეიტინგული სიის პირველ სამეულში.
სტიპენდიის გაცემა 1-ლი მაისიდან დაიწყება. გამარჯვებულები გამოავლინა მერის ბრძანებით დაკომპლექტებულმა კომპეტენტურმა კომისიამ. კონკურსში მონაწილეობდა საჯარო და კერძო სკოლების მე-11 კლასის მოსწავლეები და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები.

ლანა კოკაია

Print