ახალი ამბები
რამდენიმე მათგანი უკანა შესასვლელიდან შეიპარა -ქუთაისში აქტივისტებმა დეპუტატებს კორდონი მოუწყვეს
FaceBook
"აწარმოე რეალური პილიტიკა",-ამ მოწოდებით შეხვდნენ საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის დეპუტატებს აქტივისტები. არასამთავრობო სექტორის, პროფკავშირისა და აქტივისტთა ჯგუფების წარმომადგენლებმა, სხდომის დაწყებამდე ახალი მოწვევის პარლამენტის დეპუტატებს პარლამენტის შენობის წინ კორდონი მოუწყვეს და მათთან გასაუბრებას შეეცადნენ, თუმცა, აქტივისტების გზავნილები  არც ერთმა დეპუტატმა არ მოისმინა.

აქცივისტებმა დეპუტატთა ნაწილისთვის მხოლოდ იმ ფლაერების გადაცემა მოახერხეს, სადაც მათი მოთხოვნებია მითითებული.

"არც ერთი არ გაჩერდა. მათ არ სურთ ჩვენთან სუაბარი. უფრო მეტიც, რამდენიმე მათგანი ურცხვად,  უკანა შესასვლელიდან შეიპარა, მაგრამ ჩვენ არ გავჩერდებით და მათ მაინც მოუწევთ პოლიტიკური და პირადი პასუხისმგებლობის აღება ჩვენს მოთხოვნებზე",-  ამბობს აქციის მონაწილე გვანცა ხონელიძე.

"რამდენიმეს მივეცით ფლაერები, თუმცა, არც ერთ მათგანს არ სურს პობლემების მოსმენა. ჩვენ მათ ვეუბნებით, რომ ის საკითხები, რაზეც ხელისუფლება ამახვილებს ყურადღებას, რეალურად არ არის საჭირო. მთავრობა არ უნდა აკეთებდეს მხოლოდ ინვესტორებზე და ბიზნესზე მორგებულ ეკონომიკას, ასევე უნდა შექმნას რეალური შრომის ინსპექცია, რასაც ამდენი ხანია გვპირდება და დაასრულოს რეპრესიული ნარკოპოლიტიკა. მეტი ქმედითი ნაბიჯები უნდა გადაიდგას რეალური საჭიროებების დასაკმაყოფილებლად",- აცხადებს თბილისის სოლიდარობის ქსელის წარმომადგებელი შოთა აზიკური.
"აწარმოე რეალური პოლიტიკის" ფარგლებში 7 ორგანიზაციას 5 ძირითადი მოთხოვნა აქვს.

ეს მოთხოვნებია: ქმედითი შრომის ინსპექციის შექმნა, მწვანე ეკონომიკური პოლიტიკის პრინციპების დანერგვა,
განათლების ფუნდამენტური რეფორმა,  კეთილდღეობაზე ორიენტირებული ეკონომიკური განვითარება და
რეპრესიული ნარკოპოლიტიკის დასრულება. 

საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა გახსნა.


Print