ახალი ამბები
ქუთაისში ეროვნული ბიბლიოთეკის წიგნსაცავი კავკასიაში სიდიდით მეოთხე იქნება
FaceBook
ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე მდებარე ეროვნული ბიბლიოთეკის ნიკო ნიკოლაძის სახელობის წიგნსაცავი, კავკასიაში სიდიდით მეოთხე იქნება.

შენობაში, სადაც ბიბლიოთეკაა განთავსებული, ამჟამად სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს.

პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელის ინფორმაციით, წიგნსაცავში ქართულ და რუსულენოვან გამოცემებთან ერთად, აზერბაიჯანული და სომხური წიგნებიც იქნება წარმოდგენილი.

"ამჟამად მოლაპარაკებები მიმდინარეობს სომხეთსა და აზერბაიჯანთან, მოგვაწოდონ თავიანთი გამოცემების ერთი ეგზემპლარი იმისთვის, რომ ბიბლიოთეკა შევავსოთ კავკასიის მასალებით," – განაცხადა პარლამენტის ერვონული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელმა, გიორგი კეკელიძემ.

მისივე თქმით, ზუსტად დათვლილი არაა ქუთაისის წიგნსაცავში რა რაოდენობის გამოცემა იქნება დაცული, თუმცა შენობაში, ტევადობის მიხედვით, 3 მილიონამდე წიგნის მოთავსებაა შესაძლებელი.

პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელის ინფორმაციით, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი წიგნსაცავი, მომავალ წელს გაიხსნება.

საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, 2015 წლის მონაცემებით, დაწესებულებაში 4 618 513 გამოცემაა დაცული, მათ შორის წიგნადი ფონდი დაახლოებით 3 703 888 შეადგენს.

რაც შეეხება საქართველოს მეზობელი ქვეყნების ეროვნული ბიბლიოთეკებს, სიდიდით ყველაზე დიდი სომხეთის ბიბლიოთეკაა.

ოფიციალური ვებ–გვერდის ინფორმაციით, ბიბლიოთეკაში 6,8 მილიონი წიგნი, ჟურნალი, გაზეთი, რუკები, პლაკატები, თეზისები, ღია ბარათები, მარკები, კალენდრები და DVD დისკებია დაცული.

აზერბაიჯანში სიდიდით პირველი კი ახუნდოვის სახელობის ეროვნული ბიბლიოთეკაა, რომელიც ქვეყნის კულტურისა და ტურიზმის სამინიტროს დაქვემდებარებაშია და მასში 4 513 000 საგამომცემლო მასალა ინახება. ბიბლიოთეკა 25 დეპარტამენტისა და 26 სექტორისგან შედგება.

2005 წელს აზერბაიჯანის ეროვნული ბიბლიოთეკა ევროპის ნაციონალური ბიბლიოთეკების კონფერენციის (CENL) წევრი გახდა.

ამავე ორგანიზაციის წევრი გახლავთ საქართველოს პარლამენტისა და სომხეთი ეროვნული ბიბლიოთეკებიც.

Print