ახალი ამბები
სფფ–მ გარიგებული მატჩის გამო ხონის "იმერეთი" გათამაშებიდან მოხსნა
FaceBook
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ხონის საფეხბურთო კლუბი "იმერეთი" პირველი ლიგის გათამაშებიდან მოხსნა.

სფფ–ს გადაწყვეტილებით, გუნდის მენეჯერს, სოსო ჩაკვეტაძეს ფეხბურთთან დაკავშირებული საქმიანობა სამუდამოდ აეკრძალა.

სადისციპლინო და დავების განმხილველი კომიტეტმა უეფას თაღლითური ფსონების ამოცნობის სისტემის ანგარიშით იხელმძღვანელა, რომელშიც ხონის საფეხბურთო კლუბი მეორედ მოხვდა.

ანგარიშის მიხედვით, მიმდინარე წლის 8 ნოემბერს, ხონის "იმერეთისა" და ცხინვალის "ლიახვის" მატჩის შედეგზე (5:1) საეჭვო მანიპულირება დაფიქსრიდა. მატჩის შედეგი გაუქმდა.

მამხილებელი გარემოებების გამო გუნდი გათამაშებიდან მოიხსნა, გაუნულდა აქამდე დაგროვილი ქულები და დარჩენილ მატჩებში ჩაეთვლება 0:3 წაგება.

სფფ-ს გადაწყვეტილების შესახებ ქუთაისიპოსტი ხონის საფეხბურთო კლუბის ხელმძღვანელობას დაუკავშირდა.
"თუ ნამდვილად ასეა, იმასაც მივესალმები, რომ გამოავლინონ ის ფეხბურთელები, ვინც ამას აკეთებს და დაისაჯონ სამაგალითოდ, რომ შემდეგში სხვამაც იგივე არ გააკეთოს,"– ამბობს ხონის "იმერეთის" პრეზიდენტი, კობა ფხაკაძე.

მისივე ინფორმაციით, გუნდის ხელმძღვანელობა ამ დროითვის იურიდიულ კონსულტაციებს გადის, რის შემდეგად სფფ–ს გადაწყვეტილებას შესაბამის ორგანოებში გაასაჩივრებენ.

სფფ–მ სანქციები დააკისრა ცხივნალის "ლიახვსაც". გუნდი 10 000 ლარით დაჯარიმდა და 6 ქულა ჩამოაკლდა.

საფეხბურთო კლუბ ცხინვალის "ლიახვის" ხელმძღვანელობამ ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებაზე განცხადება გააკეთა.

"ცხინვალის "ლიახვი" შეშფოთებას გამოთქვამს აღნიშნული ფაქტის გამო, ემიჯნება ყოველგვარ გარიგებასა და შედეგზე მანიპულირებას. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას და შესაბამის ორგანოებს მიმართავს გამოიძიონ აღნიშნული მატჩი და შესაბამისი სადამსჯელო ღონისძიებები გაატარონ," – აღნიშნულია გუნდის მიერ გაკეთებულ განცხადებაში.




Print