ახალი ამბები
ცვლილება ქუთაისის ბიუჯეტში - პროგრამების შემცირებული და გაზრდილი დაფინანსება
FaceBook
ქუთაისის მიმდინარე წლის ბიუჯეტში 132 000 ლარის ცვლილება შევიდა.

ეს საკითხები დღეს, საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე განიხილეს.

კენჭისყრას დეპუტატების დაპირისპირება მოჰყვა.

საბიუჯეტო ცვლილების შედეგად, სოციალურად დაუცველი ოჯახების ყოფითი პირობების გაუმჯობესების ხელშეწყობის პროგრამა 50 000 ლარით და მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამა 80 000 ლარით შემცირდა.

საახალწლოდ ქალაქის გაფორმება, პროგრამა "კორპუსი", სპორტული მოდნების და სასრიალო ფიცრის ე.წ. "სკეიტბორდის" მოედნის მოწყობა რეაბილიტაცია, ეკონომიკური სტიმულირებისა და ბიზნესის ხელშეწყობა, ქალაქის გენერალური გეგმის შედგენა - ეს იმ პროგრამების არასრული ჩამოანთვალია, რომლებიც საბიუჯეტო ცვლილების შედეგად საკრებულოს რიგგარეშე სხდოზამე თანხები შეუმცირეს.

სამაგიეროდ, ამავე ცვლილების მიხედვით, 65 000 - 65 000 ლარით გაიზარდა მრავალშვილიანი ოჯახებისა და სამედიცინო უზრუნველყოფის პროგრამები.

გარდა ამისა, მოიმატა სპორტული კლუბებისა და თეატრის დაფინანსება. კერძოდ, მერიამ 407 000 ლარი "ფეხბურთის განვითარების ფონდს" გამოუყო, 115 000 ლარი შპს საკალთბურთო გუნდს "ქუთაისი-2010", 15 000 ლარი მესხიშვილის თეატრს, 70 000 ლარით გაიზარდა სპორტული ღონისძიებების დაფინანსება, გარეგანათების - 198 000 ლარით და ააიპ სპორტული დაწესებულებებათა გაერთიანებას 120 000 ლარი ერგო.

მიმდინარე წლის ბიუჯეტში ცვლილები საკრებულოს სხდომაზე ქალაქის ვიცე-მერმა ეკონომიკურ საკითხებში, კოტე ქავთარაძემ წარადგინა. მისი განმარტებით, შესაძლოა, წლის ბოლომდე კიდევ ორი საბიუჯეტო ცვლილება განხორციელდეს.

ქავთარაძის ინფორმაციით, ამ დროისთვის 2016 წლის ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტის მოცულობამ 74 200 800 ლარი შეადგინა.


Print