ახალი ამბები
როდემდე უნდა ვითმინოთ 24-მა კაცმა ერთი ადამიანის გამოსვლა - დაპირისპირება ქუთაისის საკრებულოში
FaceBook
ქუთაისის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე დეპუტატები ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდენენ.
კოლეგებს შორის დავა მიმდინარე წლის ბიუჯეტში შესულმა ცვლილებამ გამოიწვია, რომელიც საკრებულოს "რესპუბლიკური პარტიის" უკვე ყოფილმა წევრმა, ნატო ქათამაძემ არ მოიწონა.

საბიუჯეტო ცვლილების თანახმად, სოციალურ და ჯანდაცვის პროგრამებს თანხები გამოაკლდა და სხვადასხვა პროგრამებს დაემატა.

მაგალითად, მედიკამენტების უზრუნველყოფის პროგრამა 80 000 ლარით, სოციალურად დაუცველი ოჯახების ყოფითი პირობების გაუმჯობესების ხელშეწყობის პროგრამა კი 50 000 ლარით შემცირდა.

საკრებულოს წევრის, ყოფილი "რესპუბლიკელის", ნატო ქათამაძის განცხადებით, ადგილობრივმა მთავრობამ არჩევნების დასრულებიდან ერთი თვის შემდეგ, მიიღო გადაწყვეტილება, რომ სოციალურად დაუცველებს თანხა წაართვას.

"რას ეუბნებით იმ ადამიანებს, რომლებიც წამლების ვერ ყიდულობენ?!", - განაცხადა საკრებულოს სხდომაზე ქათამაძემ.

ქუთაისის მერმა და საკრებულოს დეპუტატებმა ის ამომრჩევლების სახელით მანიპულირებაში დაანაშაულეს.

"დაგიძველდათ მეთოდები", "არავის სჯერა თქვენი, თქვენ ცრუობთ", - ასეთი რეპლიკები დაიმსახურა ქათამაძემ კოლეგებისგან, ხოლო ქალაქის პირველი პირმა დეპუტატს განუმარტა, რომ თანხების გადანაწილება გააზრებულად მოხდა.

"ჩვენ ვსწავლობთ ყველა სამსახურის საქმიანობას. აღმოჩნდა, რომ სამედიცინო სახის დახმარებებში მოსახლეობას მედიკამენტოზურზე მეტად, საოპერაციო ხარჯების დაფინასება სჭირდებოდა, ამიტომ ერთი ნაწილიდან თანხები გაცილებით მნიშვნელოვან ნაწილში გადავიტანეთ და რეალურად, სოციალური სამსახურის დაფინასება არ შეცვლილა. თქვენ საზოგადოების სახელით მანიპულირებთ. თუმცა, საპარლამენტო არჩევნებზე დამოუკიდებლად იმ ხმების 10 პროცენტიც ვერ მიიღეთ, რომელიც ადგილობრივი თვითმმართვლობის არჩევნებზე, 2014 წელს "ქართული ოცნების" სახელით მიიღეთ", - განაცხადა სხდომაზე ქალაქის მერმა.

ნატო ქათამაძე დეპუტატებმა საკრებულოს კომისიების სხდომების გაცდენაშიც დაადანაშაულეს.

"აუცილებლად ტელევიზია უნდა მოვიწვიოთ კომისიის სხდომაზე, რომ თქვენ მოხვიდეთ და გავარკვიოთ ის საკითხები, რომელიც გაინტერესებთ და აქ არ გავცდეთ? როდემდე უნდა ვითმინოთ 24-მა კაცმა ერთი ადამიანის გამოსვლა? აქ დროს ნუ გვაკარგვინებ ტყუილად. თუ რამე გაქვთ შეკითხვა გაქვს, წერილობით გადაუგზავნეთ და მუშა წესით მოითხოვეთ მათზე პასუხი. მერე გინდათ ბრიფინგები ჩაატარეთ და გინდათ პირდაპირ ეთერთაც დაჯექით, ეს უკვე თქვენი ნებაა", - ასეთი პასუხი მიიღო ყოფილმა "რესპუბლიკელმა" დეპუტატმა საკრებულოს უმრვლესობის წევრის, გურამ ტორიშელიძისგან.

ნატო ქათამაძემ საბიუჯეტო ცვლილებას მხარი არ დაუჭირა.




Print