ახალი ამბები
ქუთაისში ცნობილი არტისტების მემორიალური დაფა მოეწყობა
FaceBook
ქუთაისში, საქართველოს სახალხო არტისტის, ქეთევან კოლხიდელისა და დამსახურებული არტისტის, ივანე მიქიაშვილის სახელობის მემორიალური დაფა განთავსდება.

მათ მოსაწყობად ქუთაისის მერია ელექტრონულ ტენდერს აცხადებს.

სატენდერო დოკუმენტაციაში მითითებულია რომ "მიმწოდებელი" ვალდებული იქნება უზრუნველყოს რუსთაველის გამზირის №99-ში, სადაც ქეთევან კოლხიდელი და მისი მეუღლე, ივანე მიქიაშვილი ცხოვრობდნენ, სახლის ფასადზე მემორიალური დაფის მოწყობა.

დაფაზე მითითებული იქნება რომ "ამ სახლში ცხოვრობდნენ: საქართველოს სახალხო არტისტი, ქუთაისის საპატიო მოქალაქე, ღირსების ორდენის კავალერი ქეთევან კოლხიდელი /1968-2008 წლები/ და რესპუბლიკის დამსახურებული არტისტი ივანე მიქიაშვილი /1968-1992 წლები/".

აღნიშნული დაფა ხელშეკრულების დადებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში უნდა განთავსდეს.

შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 880 ლარია.

ქეთევან კოლხიდელი და ივანე მიქიაშვილი ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატული თეატრის მსახიობები გახლდნენ.

ქეთევან კოლხიდელი მაყურებელს ქართული მხატვრული ფილმებიდან "საბუდარელი ჭაბუკი" და "პიერი პოლიციელი" ახსოვს.
Print