ახალი ამბები
რას ჰყვებიან ქუთაისში მანქანის აფეთქებისას დაშვებულთა ახლობლები
FaceBook
ქუთაისში, 2016 წლის 8 ნოემბერს იუსტიციის სახლთან მომხდარი ავარიის დროს დაშავებულთა ახლობლები ავარიის გამომწვევ რამდენიმე შესაძლო მიზეზზე საუბრობენ.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 4 ახალგაზრდა დაშავდა.

მათი ახლობლები ავარიის ერთ–ერთ სავარაუდო მიზეზად სიჩქარის გადაჭარბებას ასახელებენ.

მათი თქმით, სუბარუს მარკის მანქანა ავტოქარხნიდან ქალაქის მიმართულებით მოძრაობდა, რა დროსაც იუსტიციის სახლთან ხეს შეეჯახა და ცეცხლი გაუჩნდა.

თუმცა, დაშავებული ახალგაზრდების ახლობლები ამბობენ, რომ ავტომანქანა, შესაძლოა ტექნიკურადაც გაუმართავი ყოფილიყო.

"სულ რაღაც ერთი კვირის შეძენილი ყავდა მძღოლს ავტომობილი. თბილისიდან რომ მოყავდა გზაში ძრავი დაზიანდა. შეაკეთა, მაგრამ ეტყობა რაღაც ხარვეზი მაინც დარჩა მანქანას," – ამბობენ დაშავებულების ახლობლები.

დაზარალებული ახალგაზრდები ამ დროისთვის ზ.ცხაკაიას სახელობის ინტერვენციული მედიცინის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებებში არიან მოთავსებული.

კლინიკაში აცხადებენ, რომ ოთხივე დაშავებულს სრულფასოვანი მკურნალობა უტარდება.

ისინი საავადმყოფოში სასწრაფო სამედიცინო დამხარების ორმა ბრგადამ ღამის თერთმეტის ნახევარზე გადაიყვანა.

"15 წლის მოზარდი მოთავსებულია ნეიროქირურგიულ განყოფილებაში.
თავის ტვინის შერყევით, წელის მიდამოს რბილი ქსოვილების დაჟეჟილობით. მისი მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი.

16 წლის დაშავებული პაციენტი პედიატრიულ რეანიმაციაშია მოთავსებული. ის არის კონტაქტური და ცნობიერება აქვს ნათელი. მას ჩაუტარდა უკვე საკონტროლო ტომოგრაფია და მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

18 წლის გოგონა მოზრდილთა რეანიმაციაშია მოთავსებული სახის ძველებისა და ნეკნების მოტეხილობით. ის იმყოფება ხელოვნულ სუნთქვაზე და ჩართულია ნეიროქირურგი, რომელიც განსაზღვრავს შემდგომი დახმარების ტაქტიკას.

მეოთხე დაზარალებული, 19 წლის ახალგაზრდა, მოთავსებულია ნეირორეანიმაციაში. იმყოფება მართვით სუნთქვაზე, ქალა ფუძის და საფეთქლის ძვლის მოტეხილობით, აქვს სუბდურული ჰემატომა, ფილტვების დაჟეჟლობა. იმყოფება ნეოროქირურგის კონტროლის ქვეშ, რაიმე სახის ოპერაციული ჩარევა არ არის დაგეგმილი," – განაცხადეს ქუთაისიპოსტთან საუბარში ინტერვენციული მედიცინის ცენტრში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის განცხადებით, მომხდარზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილითაა ააღძრული, რაც სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვა ჯანმრთელობის დაზიანება.



Print