ახალი ამბები
ქუთაისის მერია რეგიონალური განვითარების ფონდიდან 38 მლნ ლარს ელოდება
FaceBook
ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობა რეგიონალური განვითარების ფონდს 38 მილიონი ლარის მოთხოვნას გაუგზავნის.

ქუთაისის ვიცე–მერის, კოტე ქავთარაძის თქმით, თანხის ფარგლებში შემუშავებულია 90 ინფრასტრუქტურული პროექტი, რაც თავის მხრივ,   ქალაქის 40 ქუჩის მოწესრიგებას გულისხმობს.


ჯერჯერობით უცნობია, სრულად დააფინანსებს თუ არა ფონდი ქუთაისის მერიის მიერ წარდგენილ პროექტებს. თუმცა, ვიცე–მერი ამბობს, რომ ქალაქში ინფრასტრუქტურული პრობლემები კვლავ რჩება, ამიტომ საჭიროა მაქსიმალურის მოთხოვნა.

"ჩვენ უნდა მოვითხოვოთ მაქსიმუმი. მიუხედავად იმისა, რომ გასულ წლებთან შედარებით, წელს მწვავედ აღარ დგას გზების საკითხი, კვლავ რჩება ქუჩები, რომლებიც მოსაწესრიგებელია",–აცხადებს კოტე ქავთარაძე.

ინფრასტრუქტურული პროექტების სრულად დაფინანსებაზე რგფ–მ ქუთაისის მერიას უარი ერთხელ უკვე უთხრა.

მიმდინარე წლის დასაწყისში თვითმმართველობამ ფონდში 22 მილიონი ლარის პროექტები წარადგინა.

საქართველოს მთავრობის 2016 წლის 4 თებერვლის განკარგულებით (№175) ირკვევა, რომ ქუთაისის ადგილობრივმა თვითმმართველობამ ამ თანხიდან მხოლოდ 10 926 138 ლარი მიიღო.

ქალაქის მერი შოთა მურღულია განმარტავდა, რომ ფონდი დარჩენილ თანხას სრულად არ გადმორიცხავდა.

ვიცე-მერის, კოტე ქავთარაძის ინფორმაციით, ქალაქის მერიამ მიმდინარე წელს რგფ-დან ჯამში 13 მილიონი ლარი მიიღო.

მომავალი წლის ბიუჯეტში, 38 მილიონი ლარის მობილიზების საკითხი, ქუთაისის საკრებულომ 2016 წლის 8 ნოემბრის 26–ე რიგგარეშე სხდომაზე დაამტკიცა.

Print