ახალი ამბები
ქუთაისელი ახალგაზრდებისთვის "ეკომშვიდობის" თემაზე კონკურსი გამოცხადდა
FaceBook
ქუთაისელი მოსწავლეებისა და სტუდენტებისათვის ეკოლოგიური თემების შექმნაზე კონკურსი  გამოცხადდა.

ამასთან დაკავშირებით პრეზენტაცია ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გამომცემლობა "უქიმერიონმა" ჩაატარა.

ორგანიზაციის დირექტორის, ნათია ჯიმშელეიშვილის თქმით, "ეკომშვიდობის" ჩატარების მიზანი ეკოლოგიური განათლების პოპულარიზაციაა.

"კონკურსის პირობების თანახმად, კონკურსანტს საკითხის დამუშავებაში ხელმძღვანელი დაეხმარება. სულ იქნება 14 ეკო თემა და თითოეულში გვეყოლება 1 გამარჯვებული, რომელსაც ჟიური შეარჩევს. ნაშრომი შეიძლება წარმოდგენილი იყოს თხზულების სახით. უპირატესობა მიენიჭება თანდართულ აუდიო და ფოტომასალას", -ამბობს "უქიმერიონის" დირექტორი, ნათია ჯიმშელეიშვილი.

ეკოლოგიური მშვიდობა პოლიტიკურ მშვიდობასთან მიმართებაში, კლიმატის ცვლილება და მის წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებები, ტყის რესურსის მდგრადი მართვის პრინციპები, განახლებული ენერგიები - ეს იმ თემების არასრული ჩამონათვალია, რომელიც კონკურსზე უნდა იყოს წარმოდგენილი.

ორგანიზაციის წარმომდგენლების თქმით, საგანმანათლებლო დაწესებულებებს პროექტის შესახებ ინფორმაცია ელექტრონული ფოსტის საშუალებით დღეიდან გაეგზავნებათ.

კონკურსი 7 ნოემბერს გამოცხადდა და ის 22 ნოემბერს დასრულდება.

პროექტი შპს "უქიმერიონისა" და "ქართული კულტურის ცენტრის" შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორენდუმის საფუძველზე ხორციელდება.


Print