ახალი ამბები
საწურბლიას მღვიმეში ასთმით დაავადებულთა სამკურნალო ცენტრი მოეწყობა
FaceBook
წყალტუბოს რაიონის სოფელ ცხუნკურში მდებარე საწურბლიას მღვიმეში ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა იგეგმება.

მღვიმეში არქიტექტურული სამუშაოების შესრულებისთვის "დაცული ტერიტორიების სააგენტომ" მიმდინარე წლის 25 ოქტომბერს 33 890 ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა.

სახელმწიფო შესყიდვაზე განაცხადების მიღება 2016 წლის 9-დან 14 ნოემბრამდე გაგრძელდება.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, გამარჯვებულმა კომპანიამ მისაღები-მოსაცდელი, მომსვლელთათვის ბარგის შესანახი კამერები, სამუშაო ოთახი, ამბულატორიია, სამზარეულო კუთხე და გადახურული გარე ტერასა უნდა მოაწყოს.

ასევე, მან უნდა უზრუნველყოს 12-15 ავტომანქანაზე გათვლილი ავტოპარკინგის მოწყობა, სანაგვე ურნებით და მასთან მისადგომი გზით.

მღვიმეს ტერიტორიაზე, საინფორმაციო დაფები განთავსდება. ადმინისტრაციის შენობასა და მღვიმეს შორის კი დამაკავშირებელი მეტალის ბილიკი მოეწყობა.

რაც შეეხება მღვიმეში არსებულ ბილიკებსა და კიბეს, მასზე შეიცვლება არსებული მოაჯირები.

"დაცული ტერიტორიების სააგენტოს" ინფორმაციით, საწურბლიას მღვიმეში ასთმით დაავადებულთათვის, სამკურნალო ცენტრი მოეწყობა.

ამ მიზნით, მღვიმეს მთავარ დარბაზში - 1 დონეზე "სპორტული", ნულოვან დონეზე კი საძილე ბაქანი გაკეთდება. აქვე განთავდება გამაფრთხილებელი და ქცევის წესების აბრები.

მღვიმეში შესასვლელზე ვენტილირებადი კარები, მღვიმესთან ახლოს კი ერთი ეკო ტუალეტი უნდა დამონტაჟდეს.


Print