ახალი ამბები
პოლიტიკური დისკრიმინაციის საქმეებზე ქუთაისში დისკუსია გაიმართა
FaceBook
არასამთავრობო ორგანიზაციამ "კონსტიტუციის 42–ე მუხლი" წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისთვის პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციაზე საინფორმაციო შეხვედრა გამართა.

ღონისძიება ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში შედგა.

"ვცდილობთ, პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციაზე, სასამართლო პრაქტიკის დამკვიდრებას ხელი შევუწყოთ. გვაქვს რამდენიმე წარმატებული საქმე. სააპელაციო სასამართლომ დისკრიმინაცია დაადგინა თბილისის მერიის წინააღმდეგ, რომლის შედეგად მერიის თანამშრომელი სამსახურიდან გაათავისუფლეს. შემდეგ კი აღმოჩნდა, რომ ამას ჰქონდა პოლიტიკური საფუძველი,"–ამბობს ორგანიზაციის "კონსტიტუციის 42–ე მუხლი" იურისტი, ანზორ ხატიაშვილი.

მან კანონმდებლობაში არსებულ სისუსტეებზე ისაუბრა, რომლის თანახმად დისკრიმინაციის მსხვერპლს ორი მექანიზმის, სახალხო დამცველის ან სასამართლოს მიმართვის გამოყენების შესაძლებლობას სთავაზობს.

"სახალხო დამცველის მიმართვის შემთხვევაში, ომბუდსმენი მხოლოდ რეკომენდაციებს გასცემს და სავალდებულო ძალა არა აქვს შესასრულებლად, ამიტომ ირჩევენ ხოლმე დისკრიმინაციის მსხვერპლები სასამართლოს მიმართვას, მაგრამ სასამართლოსთვის მიმართვის შემთხვევაში, ვადა არის განსაზღვრული. დისკრიმინაციული ქმედების ჩადენიდან 3 თვის ვადაში უნდა მიმართონ სასამართლოს და ეს სამთვიანი ვადა ძალიან მცირე არის სარჩელის საფუძვლიანად მოსამზადებლად," - აღნიშნავს ანზორ ხატიაშვილი.

მისივე თქმით, სასამართლო პრაქტიკებიც ამ მხრივ ძალიან მწირია და ზოგ შემთხვევებში, სათანადო სტანდარტების შესაბამისად არ განიხილავენ.

"პროექტის ერთ-ერთი მიზანია კანონმდებლობის დახვეწა, სასამართლო პრაქტიკის დამკვიდრება და ცნობიერების ამაღლება," – აცხადებს ანზორ ხატიაშვილი.

დისკრიმინაციის შესახებ საქმეების წარმოების პროექტი ფონდის "ღია საზოგადოება საქართველო" მხარდაჭერით ხორციელდება.


Print