ახალი ამბები
შსს-მ ზვარეში მუშების ცემის ფაქტზე ჩინეთის სამი მოქალაქე დააკავა
FaceBook
შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ხარაგაულის სოფელ ზვარეში, 4 მუშის ცემის ფატზე ჩინეთის რესპუბლიკის სამი მოქალაქე დააკავა.

შსს-ს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძებო ღონისძიებების შედეგად, სხეულის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ბრალდებით,   1983 წ. დაბადებული ჭ. ლ., 1983 წელს დაბადებული ჩ.ჟ და 1984 წელს დაბადებული ჰ.ჩ. დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ აღნიშნულმა პირებმა მიმდინარე წლის 3 ნოემბერს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, საქართველოს 4 მოქალაქეს ბლაგვი საგნით სხეულზე სხვადასხვა სახის დაზიანება მიაყენეს.

სამართალდამცველებმა სამივე ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს.

გამოძიება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც  ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

ზვარეში ჩინურ კომპანია "ჩინეთის 23-ე ბიუროს" წარმომადგენლებსა და ადგილობრივ მუშებს შორის დაპირისპირება შეშის გამო მოხდა, რა დროსაც, ადგილობრივთა ცნობით, კომპანიის თანამშრომლებმა 
მუშები რკინის არმატურებით სცემეს.

მომხდარის გამო, სოფელში ჩინური კომპანიის 80-მდე მუშამ პროტესტის ნიშნად სამუშაოს გაგრძელებაზე უარი განაცხადა და ფაქტის გამოძიების მოთხოვნით,  ადგილობრივთა მიერ ამავე მიზნით გამართულ საპროტესტი აქციას შეუერთდა.  



.
Print