ახალი ამბები
"ტორპედოს" ადმინისტრაცია გულშემატკივრებზე - ქაოსურად მაინც წავლენ და უარესი იქნება
FaceBook
დავით ყიფიანის თასის გათამაშების ნახევარფინალურ შეხვედრაზე, ქუთაისიდან ფანების მობილიზების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას "ტორპედოში" ადასტურებენ.


ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ მიმდინარე წლის 2 ნოემბერს, საფეხბურთო მატჩზე დასასწრებად, გულშემატკივრები 8 მიკროავტობუსით გაემგზავრებიან.

კლუბის აღმასრულებელი დირექტორის, ზურაბ ჩაკვეტაძის თქმით, მატჩზე უსაფრთხოების ზომების დაცვას საფეხბურთო კლუბ "დინამოს" შესაბამისი სამსახური უზრუნველყოფს.

მატჩზე დასწრების მსურველთა თბილისში წაყვანას, ფანკლუბთან ერთად, "ტორპედოს" ადმინისტრაციაც უწევს ორგანიზებას.

ზურაბ ჩაკვეტაძის თქმით, მნიშვნელოვანი შეხვედრის წინ, უმჯობესია, ფანების წაყვანა კლუბის ადმინისტრაციამ გააკონტროლოს.

"ორგანიზებული რომ არ იყოს ეს ყველაფერი, ქაოსურად მაინც წავლენ და უარესი იქნება, ამიტომ ჩვენ ვართ მათთან მუდმივ კონტაქტში, რომ ვიცოდეთ ვინ და როგორ მიდის", – აცხადებს ზურაბ ჩაკვეტაძე.

ქუთაისის "ტორპედოს" ფანკლუბის ხელმძღვანელი, ლევან დანელია ამბობს, რომ აგრესია კლუბებს შორის არსებობს, თუმცა, რისკების შეფასება და უსაფრთხოების უზრუნველყოფა ვერ მოხდება, რადგან მოვლენების განვითარების პროგნოზირება შეუძლებელია.

"პასუხისმგებლობა როგორ უნდა ავიღოთ, წინასწარ ხომ არავინ იცის რა მოხდება? როგორც აქამდე ხდებოდა, ისე მოხდება ახლაც და გაეცემა საკადრისი პასუხი თუ საჭირო იქნება, "– აცხადებს ლევან დანელია.

დავით ყიფიანის თასის ნახევარფინალური შეხვედრა 2 ნოემბერს, 16 საათზე გაიმართება.



Print